საქართველოში უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

საქართველოში უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. შესაბამისი ცვლილებები – „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზაზა ლომინაძე, ვახტანგ თურნავა და ირაკლი კირცხალია.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებისთვის სავალდებულოა მხოლოდ მისი შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია და კანონმდებლობა არ ადგენს მექანიზმებს, რომლითაც, შრომის ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საშუალებას მისცემდა, უარი ეთქვა უცხოელისთვის საქართველოში დასაქმებაზე.

ინიციატორები განმარტავენ, რომ ხშირ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული საქართველოში განაპირობებს არაკვალიფიციური ან ჭარბი ოდენობის მუშახელის შემოსვლას, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება როგორც ადგილობრივ სამუშაო ძალაზე, ასევე შრომის ბაზრის ინტერესებზეც.

დეპუტატები აღნიშნავენ, რომ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში საქართველოში შემოსული უცხოელების მიმართ, რომლებიც საქმდებიან საქართველოში და რეგისტრირდებიან შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, კანონმდებლობა არ ადგენს შრომითი იმიგრანტის მიერ საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებისა და შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების ვალდებულებას.

რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს, კანონპროექტში ნათქვამია, რომ, პროექტით, შრომითი საქმიანობის უფლების სისტემის დანერგვა და მისი აღსრულებისთვის საჭირო მექანიზმები იარსებებს. კერძოდ, ცვლილებებით, შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი, აღნიშული სამუშაო უფლების გაცემის კრიტერიუმები, დარეგულირდება საქართველოში უცხოელი ფიზიკური პირების შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, ასევე კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღსრულების ახალი მექანიზმები და განისაზღვრება მათი აღმასრულებელი უწყებები.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, გაიზარდება საჯარიმო სანქცია იმ დამსაქმებლებთან მიმართებაში, ვინც უცხოელს დაასაქმებს სპეციალური სამუშაო უფლების მოპოვების გარეშე, დაწესდება საჯარიმო სანქცია თითოეული შრომითი მიგრანტისთვის, რომელიც საქართველოში სპეციალური სამუშაო უფლების გარეშე ეწევა შრომით/სამეწარმეო საქმიანობას, საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესები სრულყოფილად დარეგულირდება და მართვის მიზნით განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ვალდებულებები და ფუნქციები.

„ამ პრობლემაზე საუბარი შესაძლებელია საქსტატის ოფიციალური მონაცემების გათვალისწინებითაც. მაგალითად, მხოლოდ 2022-2023 წლებში, საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში შემოვიდა 239 334 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში დარჩა, მინიმუმ, 6 თვეს + 1 დღე. მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის დასაქმება და ეკონომიკური სტაბილურობის ძიება. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, ქვეყანაში დარჩენილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური მიგრანტია. თუმცა შრომის ბაზარზე, სამინისტროს სისტემაში არსებული სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 42 000 შრომითი იმიგრანტია რეგისტრირებული. ეს შეუსაბამობა მკაფიოდ მიუთითებს, რომ ქვეყანაში შრომითი იმიგრაციის აღრიცხვა და მონიტორინგი სრულყოფილი არ არის და არსებითად ვერ ასახავს იმ სამუშაო ძალას, რომელიც რეალურად ოპერირებს ქართულ შრომის ბაზარზე. შედეგად, რთულდება მიზნობრივი პოლიტიკის დაგეგმვა, შრომითი უფლებების დაცვა და ბაზრის რეალური სურათის ანალიზი. ასევე, უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლისა და დასაქმების რეალური კონტროლისა და საჭიროების შემთხვევაში დასაქმებაზე უარის თქმის მექანიზმის არარსებობა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, განაპირობებს საქართველოში არაკვალიფიციური მუშახელის შემოსვლას, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება როგორც ადგილობრივ სამუშაო ძალაზე, ასევე შრომის ბაზრის ინტერესებზეც“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საქართველოში უცხოელის მიერ დასაქმების უფლების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები იქნება გათვალისწინებული. შესაბამისი ცვლილებები „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შედის.

ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა ადგილობრივი დამსაქმებლისთვის (თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად) გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით. ასევე 2000-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომით საქმიანობაზეც. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლების რამდენჯერმე დარღვევა მოხდება, ორმაგი და სამმაგი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა ადგილობრივი დამსაქმებლის შემთხვევაში გამოიწვევს: წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით; წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით; დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით; ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის, მათ შორის, იმ პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივი დამსაქმებლის ან თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის ცვლილება, რომელზეც გაცემულია შრომითი საქმიანობის უფლება, ამ უფლების განახლების გარეშე ამ შრომითი იმიგრანტისთვის გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

პროექტით კონკრეტდება, რომ თუ ამ მუხლის დარღვევა რამდენჯერმე მოხდება, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ორმაგი და სამმაგი ოდენობით.