ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატის მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად.

ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით არსებულ პერსპექტივებს.

შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ უნგრელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველო-უნგრეთისმთავრობათაშორისი კომისიის მე-2 სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარება. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა, თუმცა რესურსი კიდევ უფრო მეტია. ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება. დღეს აქ წარმოდგენილია  მთავრობის მთლიანი შემადგენლობა და ჩვენთვის ყველა სფეროში საინტერესოა თანამშრომლობა, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, დაკავშირებადობა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა, სამართალდამცავი სფერო, იუსტიცია, ჯანდაცვა, ყველა მიმართულებით ვართ ძალიან დაინტერესებული, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორმხრივი კომისიის დარგობრივი ფორმატებიც კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ჩვენი სურვილია, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ. ასევე მოხარული ვართ, რომ ვითარდება სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობასთან და ამ მიმართულებითაც მზად ვართ მაქსიმალური თანამშრომლობისთვის. მოხარული ვართ, რომ ამ დღეების განმავლობაში ხელი მოეწერება მნიშვნელოვან მემორანდუმებს, რომლებიც ითვალისწინებს სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის  მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, რწმენას გამოვთქვამ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, ეს სამიტიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და განვითარებაში“, –  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ექმნებოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთი იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელიც მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, ამ პროცესის მხადასაჭერად.

„პირველ რიგში, მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ უნგრეთში თქვენი გულთბილი მასპინძლობისთვის და კიდევ უფრო დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ იმ ძლიერი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ თქვენგან, ამას ძალიან აფასებს ქართველი ხალხი.
უნგრეთი არის და რჩება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან ძლიერ მხარდამჭერად. ჩვენთვის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ უნგრეთისგან, პირადად თქვენგან ბატონო პრემიერ-მინისტრო და უნგრეთის ხელისუფლებისგან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ექმნებოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთი იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელიც მაქსიმუმს აკეთებდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, ამ პროცესის მხადასაჭერად. ამისთვის თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო და თქვენს მთავრობას მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს ფორმატი დაფუძნდა ორი წლის წინ და წელს უკვე იმართება მეორე შეხვედრა ამ ფორმატში.

„ამ შეხვედრამ მოგვცა საშუალება, ერთად გვემსჯელა მიღწეულ პროგრესზე და დაგვესახა ასევე ერთად სამომავლო გეგმები. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, თითოეულ მინისტრს ძალიან საინტერესო დისკუსიებისთვის. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ეს ეხებოდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ენერგეტიკის და დაკავშირებადობის საკითხებს, გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობას, თავდაცვას, იუსიტიციას, განათლებას, კულტურას. ყველა სფეროს შევეხეთ ამ ფორმატის ფარგლებში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენი მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ასევე, მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს სხვადასხვა სფეროში და, რა თქმა უნდა, შეთანხმებებიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და გაღრმავებას ჩვენს ქვეყნებს შორის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობების ყველა ასპექტი. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები და ამის დასტურია ის ხშირი გაცვლა ვიზიტების და შეხვედრების, რომლებიც იმართება ჩვენს შორის. ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებთ ამ თანამშრომლობის სამომავლო განვითარებას. ასევე, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე გვქონდა დღეს საუბარი. ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა, რამდენად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მთავრობებს შორის თანამშრომლობა, არამედ ბიზნესსექტორებს შორის თანამშრომლობაც, რათა გავაღრმაოთ ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოსა და უნგრეთს მსგავსი გამოწვევები აქვთ და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის,  საქართველო კი, ყოველთვის იდგება იქ, სადაც არის უნგრელი ხალხის ინტერესები, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრელ კოლეგას ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გეგმაა, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ,  უკვე 2028 წლისთვის, დაგეგმილი გვაქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ის შესრულება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ის შესრულება და ამ კუთხითაც, თუნდაც საექსპერტო თანამშრომლობა, ნებისმიერი მიმართულებით თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენ გვაქვს ძალიან მსგავსი გამოწვევები და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და საქართველო, რა თქმა უნდა, ყოველთვის იდგება იქ, სადაც არის უნგრელი ხალხის ინტერესები. ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას იმისა, რომ დაგიბრუნოთ სათანადო პასუხი იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ვგრძნობთ და ვიღებთ თქვენი მხრიდან. ქართველი ხალხი აფასებს პირადად თქვენს მხარდაჭერას, ბატონო პრემიერ-მინისტრო და უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ჩვენი პარტნიორობის დღევანდელი მდგომარეობა ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, დინამიკაც არის დადებითი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ორმხირივი თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა პრემიერმა