ჩვენი საბოლოო ამოცანაა სიღარიბის განულება, ამ მიმართულებით სწრაფი ტემპით მივდივართ - პრემიერი

ჩვენი საბოლოო ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში, მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით და აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა, რომ 4 პროცენტს ჩამოსცდეს ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქსტატმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2024 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ეს მაჩვენებელი 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

„11,8 პროცენტი იყო სიღარიბის მაჩვენებელი 2023 წელს და ეს მაჩვენებელი 2024 წელს შემცირდა 2,4 პროცენტული პუნქტით, ანუ პირველად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი 9,4 პროცენტი. მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ხელისუფლება, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს. წინსვლა აშკარაა, თუმცა ჩვენი საბოლოო ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში, მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით და აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა, რომ 4 პროცენტს ჩამოსცდეს ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის. ესეც არის აბსოლუტურად რეალური, შესაბამისად, ამ ტემპით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შეგვიძლია, რეალურად აღმოვფხვრათ მთლიანად სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთ უმთავრესი ეროვნული ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.