ვის შეხვდა ამერიკელი სენატორი, სტივ დეინსი საქართველოში

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოს სტუმრობს. საქართველოში აშშ-ის საელჩომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სენატორი მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

სენატორმა X-ზე გაავრცელა რომ განიხილეს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები: " სენატორ სტივ დეინსი დღეს მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები განეხილა. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ჩვენი საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით“.

ირაკლი კობახიძის თქმით, კი შეხვედრაზე საუბარი მათ შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს: "ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა აშშ-ის სენატორ სტივ დეინსთან, განვიხილეთ საქართველო-აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მთავრობის მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, გადაიტვირთოს და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან მკაფიო და ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას. საქართველო რჩება სანდო პარტნიორად, რომელიც პარტნიორებს სტრატეგიულ შესაძლებლობებს და მრავალმილიონიან ძლიერ ბაზრებზე წვდომას სთავაზობს".

ამერიკელი სენატორი ასევე შეხვდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, შეხვედრისას ერთ-ერთი განსახილველი საკითხი, ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელი დაპატიმრებები იყო: "სენატორი დეინსი სალომე ზურაბიშვილს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა, რათა განეხილათ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა შეერთებული შტატებისთვის, ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელი დაპატიმრებების გამო გამოთქმული შეშფოთება და პროდასავლური საქართველოს საჭიროება რეგიონში კეთილდღეობის, პროგრესისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად".

სალომე ზურაბიშვილმა თავის მხრივ განაცხადა, რომ სენატორს ქვეყანაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია: „დღეს მე პლატფორმის სახელით შევხვდი სენატორ დეინსს. ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი, კავკასიაში არის ჩამოსული. ჯერ იყო ბაქოში, მერე მიდიოდა ერევანში და ასევე, არის აქ, თბილისში, სადაც ჩვენ შეგვხვდა, მხოლოდ ოპოზიციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან მოისმინა სწორედ აქაური არამხოლოდ შიდა საკითხები და კანონების დარღვევის მთელი რიგი, რაც წარვუდგინეთ, არამედ ასევე, სტრატეგიული გამოწვევა, რაც ამერიკისთვის ამ რეგიონსა და საქართველოში არსებობს და რომელიც ამერიკიდან დიდ ყურადღებას მოითხოვს“.

სტივ დეინსთან შეხვედრის შესახებ განცხადება გააკეთა, ნიკა გვარამიამ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა. მისი თქმით, შეხვედრაზე არა მარტო სენატორი, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც იყვნენ:"ვუთხარით, რომ ასეთ ვითარებაში საქართველო ვერ იქნება ვერავისთვის საინტერესო ქვეყანა, ვინაიდან ასრულებს ინტერესებს, რაც რუსეთს აქვს.