"დაფიქსირდა უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენთა გარკვეული აქტივობა საქართველოს ცალკეულ, მათ შორის სასაზღვრო, რეგიონებში სხვადასხვა პროექტის განხორციელებისა და დაფინანსების კუთხით, რაც, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა ადგილობრივ მოსახლეობაში საკუთარი იმიჯის ამაღლებას და საჭიროების შემთხვევაში, მათი მხარდაჭერის მოპოვებას", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
ე.წ. რბილი ძალა და ფარული ოპერაციების შესახებ ქვეთავის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ კომპანიაში, სადაც ხელმძღვანელობას ახორციელებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ფიქსირდებოდა უცხოელთა დასაქმების ტენდენცია, რამაც სუსის თანახმად, ხანგრძლივ პერიოდში შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე.
"საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ ოპერატიულ კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოში უცხოური კაპიტალით შექმნილი ბიზნესსუბიექტები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ საკუთრებაში არსებული კომპანიები. გრძელდებოდა ამგვარი კომპანიების ხელმძღვანელებისა და დასაქმებული პირების დაინტერესების სფეროებისა და კონტაქტების გამოვლენა.
მიმდინარეობდა საქართველოს სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივ აწ მრავალმხრივ ფორმატში გასაფორმებელი სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულებების ანალიზი, მათი შესაძლო თანამდევი რისკების იდენტიფიცირების მიზნით. არსებული გამოწვევების შესამცირებლად მუშავდებოდა რეკომენდაციები და გატარდა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები",- წერია ანგარიშში.
