საკითხები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები, ჩვენი ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობას, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საქართველო დინამიურად ვითარდება, აქვს თვალსაჩინო ეკონომიკური ზრდა და კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო უცხოელი, მათ შორის, აზერბაიჯანელი ინვესტორებისთვის.
„ნება მიბოძეთ, მადლობა გადაგიხადოთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო მოწვევისთვის და მიღებისთვის. ყოველთვის დიდი პატივია მოძმე საქართველოში ჩამოსვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი კიდევ ერთ იმპულსს მისცემს ჩვენი ძმური ურთიერთობების განვითარებას. საკითხები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები. ჩვენი ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობას. საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და ასე იქნება. მეგობრული, მეზობლური და ძმური ურთიერთობების განვითარებაში ვვითარდებით, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები და წარმატებით ვავითარებთ ჩვენს რეგიონს. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გილოცავთ ბატონო პრემიერ-მინისტრო თქვენ და თქვენს მთავრობას თქვენს მიღწევებს. საქართველო დინამიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო. თქვენ ძალიან კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო შექმენით ქვეყანაში და ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს, მათ შორის, აზერბაიჯანელ ინვესტორებს ექმნებათ ძალიან კარგი გარემო, რომ ამ წარმატებაში დამატებითი წვლილი შეიტანონ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას. თქვენ ხართ გარანტორი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა განვითარდება საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ჩვენ გვიხარია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდება თანმიმდევრულად და დინამიურად. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ორივე ვუჭერთ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დაურღვევლობას ჩვენი საზღვრებისა. ასე იყო ოდითგანვე და ასე იქნება მომავალშიც,“- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საინვესტიციო კლიმატი ბიზნესს აძლევს საშუალებას, ინვესტიციები კიდევ უფრო გაზარდოს.
„ეკონომიკურ სფეროში ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს. ჩემს ვიზიტამდე ჩვენი თანამშრომლობის სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედე და მილიარდობით დოლარი იხარჯება საქართველოში, ზრდა არის შთამბეჭდავი. პირველი კვარტლის მაჩვენებლები ამას ადასტურებს. წლის ბოლოსთვის ჩვენ გადავაჭარბებთ რამდენიმე მილიარდს და საინვესტიციო კლიმატი ბიზნესს აძლევს საშუალებას, ინვესტიციები კიდევ უფრო გაზარდოს. 3.6 მლრდ დოლარია უკვე ინვესტირებული საქართველოს ეკონომიკაში ჩვენი ქვეყნიდან და დღეს საუბარი გვქონდა ახალ შესაძლებლობებზე, ახალ საინვესტიციო პროექტებზე. ჩვენ, შესაძლოა განვიხილოთ მე-3 ქვეყნებში ერთობლივი ინვესტიციები. ჩვენ გვქონდა საუბარი რეგიონულ უსაფრთხოებაზე, არსებულ მდგომარეობაზე. გამონაკლისი არ ყოფილა ახალი რეალობა, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში. ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, იმიტომ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი. მსგავსი მოვლენები ჩვენს რეგიონს არ უნდა შეეხოს. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. განსაკუთრებით უნდა გავუსვა ხაზი საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბრძანეთ სამშვიდობო პროცესის შესახებ, რომელიც ჩვენსა და სომხეთს შორის ვითარდება. ის შეთანხმებები, რომელსაც ხელს ვაწერთ, არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ სამომავლოდ ყველა ნაბიჯი ამ მშვიდობას უნდა აძლიერებდეს. ეს შეხვედრები, ეს ვიზიტები ზუსტად ამას ემსახურება. ჩვენ დავიწყეთ სომხეთთან ურთიერთობა საქართველოს გავლით და მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, საქართველო არის პირველი ქვეყანა საერთაშორისო საექსპორტო მარშრუტზე, რომლითაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.
„რაც შეეხება ენერგეტიკას, ბევრი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო ენერგოუსაფრთხოების სანდო მხარდამჭერი. დღეს ჩვენი ბუნებრივი აირი გადის 16 ქვეყანაში ექსპორტზე, მაგრამ ექსპორტი იწყება საქართველოდან და საქართველოს გავლით. საქართველო არის პირველი ქვეყანა ამ მარშრუტზე, სადაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე, საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. ასევე ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები კასპიის ზღვიდან, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის. საუბარი გვქონდა არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში წარმატებით მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი. ეს ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე შევქმენით, განვავითარეთ და გავაფართოეთ სატრანსპორტო დერეფნები. შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანს და საქართველოს. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერიაა, რომლის გაძლიერებასა და განვითარებაზე დიდ იმედებს ვამყარებთ. საერთო ჯამში, ჩვენი დღის წესრიგი ძალიან ფართომასშტაბიანია, მას ემატება ახალი თემები და პროექტები. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ამ ყველაფერს განვახორციელებთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას. ვუფრთხილდებით საერთო ინტერესებს და მეგობრობას, ეს არის კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებულ გზაზე ვივლით მუდამ. მინდა, ვუსურვო ქართველ ძმურ ერს მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
