იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თვითონვე აწყნარებდნენ - ირაკლი კობახიძე

იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თავადვე აწყნარებდნენ მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირდაპირ ფაქტები არსებობს - გამოიყვანეს მოქალაქეები და მერე ის ჰესი აშენდა.
 
„ის ჰესი რომ აშენდა, იმის უკან რა იდგა, ამაზე ვსაუბრობ. მოქალაქეები გამოვიდნენ, შემდეგ ჩააწყნარეს პროტესტი და ჰესი აშენდა. გამოდის, რომ ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა ეს მოქალაქეები, რადგან რაც გააპროტესტეს, ის მოხდა. რის სანაცვლოდ შეიყვანეს მოქალაქეები შეცდომაში იმ კონკრეტულ შემთხვევაში ამაზე ვსაუბრობ. ჩვენი ინფორმაციით, რასაც გამოძიება დაადგენს, ეს იყო პირდაპირ შანტაჟი, ფულით შანტაჟი, წილებში ჩასმა და ა.შ
 
ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების და სხვადასხვა სექტორის ჩართულობა, თუმცა ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს საბოტაჟში. იყო შემთხვევები, როდესაც ხალხი გამოიყვანეს, უმეტესობა, დარწმუნებული ვარ, გულწრფელად გამოვიდა, მაგრამ ორგანიზებული იყო ვიღაცების მხრიდან. დაახლოებით მილიონი დოლარი გამოართვეს კონკრეტულ კომპანიას. ვიღაცას ჩაუჯდნენ წილში, ეს სამწუხაროდ დამკვიდრებული პრაქტიკაა. გამოჰყავთ ვიღაცებს ადამიანები, შეცდომაში შეჰყავთ მოქალაქეები, მათ ემოციებზე თამაშობენ, მერე უზრუნველყოფენ მათ დაშოშმინებას, რის სანაცვლოდაც იღებენ ან ფულს, ან წილებს კონკრეტულ ჰესებში. ასეთ რამეს სახელმწიფო აღარასოდეს აღარ დაუშვებს. სადაც დაცულია ობიექტურად ყველანაირი ინტერესები, აუცილებლად ყველა პროექტი განხორციელდება. ასეთ პრეცედენტებს, როდესაც ვიღაცა ვიღაცას აშანტაჟებს, წილში უჯდება და უფრო ფართო ინტერესი აქვს – საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ამიტომ, ჩვენი მიდგომა არის ასეთი – ძალიან ფართო ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ საბოტაჟი არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.