პარლამენტმა ავტომობილების განბაჟების აქციზის გაძვირებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც მსუბუქი ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთის მნიშვნელოვან ზრდას ითვალისწინებს.

უმრავლესობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით 1-ელ აპრილს უყრიან კენჭს. პარალელურად, ოპოზიციური ფრაქცია „საქართველოსთვის“ საკუთარი ალტერნატიული წინადადების წარდგენას გეგმავს.

„ქართული ოცნების“ ინიციატივა აქციზის განაკვეთების მკვეთრ დიფერენციაციას ახდენს ავტომობილის ასაკის მიხედვით. მოქმედი გრაფა უქმდება და მის ნაცვლად შემდეგი წესები დგინდება:

  • 1 წლამდე ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 სმ³-ზე 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
  • 1 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
  • 2 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
  • 3 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.4 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 7%;
  • 4 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.2 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 25%;
  • 5 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 50%;
  • 6 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 88%;
  • 6 წლის და მეტი ავტომობილები - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 4.5 ლარი, მატება 560%.

 

ცვლილებები ეხება სპეციფიკურ კატეგორიებსაც:

  • ჰიბრიდები: ნარჩუნდება შეღავათი - ძირითადი განაკვეთი 60%-ით შემცირდება.
  • მარჯვენასაჭიანები: ძირითადი განაკვეთი გასამმაგდება.
  • მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილები: აქციზის განაკვეთი ფიქსირებული 3 000 ლარი იქნება.

 

კანონპროექტი სესიაზე დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ წარადგინა. მისი განმარტებით, არსებული დაბალი ტარიფები ახალისებს ძველი მანქანების იმპორტს, რის გამოც ქვეყანაში ხანდაზმული ავტოპარკი წლიდან წლამდე იზრდება. ხელაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ეკოლოგიური ინტერესებითაა განპირობებული.

„გვესმის, რომ კანონპროექტს საყოველთაო მოწონება ვერ ექნება, რადგან გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ ჩვენ ამის გამბედაობა გვეყო... რა თქმა უნდა, რაკი აქციზის განაკვეთი იზრდება, შესაძლებელია ავტომობილი გაძვირდეს, თუმცა სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება ხანდაზმული ავტომობილებისგან გამოწვეული შედეგები“, - განაცხადა ხელაძემ.

კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს მათთვის, ვისაც ავტომობილის შემოყვანის პროცესი უკვე დაწყებული აქვს.

კერძოდ, ძველი ტარიფით ისარგებლებენ ის პირები, რომელთა ავტომობილები საქართველოში 2026 წლის 2 აპრილამდე შემოვა. შეღავათი გავრცელდება იმ მანქანებზეც, რომელთა ტრანსპორტირება უცხო ქვეყნიდან 2 აპრილამდე უკვე დაწყებულია.

თუ ავტომობილი სახმელეთო გზით ან საკუთარი სვლით მოდის, ძველი ტარიფი იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს საზღვარს 2026 წლის 1 ივლისამდეგადმოკვეთს.

 

ცნობისთვის, გასულ წლებში ავტომობილების აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხები ასე ნაწილდება:

  • 2025 წელი: 328,677,191 ლარი
  • 2024 წელი: 283,281,213 ლარი
  • 2023 წელი: 335,054,361 ლარი
  • 2022 წელი: 223,145,037 ლარი
  • 2021 წელი: 185,373,042 ლარი
  • 2020 წელი: 139,873,119 ლარი
  • 2019 წელი: 117,643,022 ლარი
  • 2018 წელი: 123,266,233 ლარი
  • 2017 წელი: 108,825,743 ლარი
  • 2016 წელი: 110,583,071 ლარი
  • 2015 წელი: 117,236,010 ლარი.