86 ხმით 6-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა "ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს. საკითხი პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

ცვლილებების მიხედვით, კომერციული მიზნებით ახალი ვენახის გაშენებისთვის სუბიექტმა ნებართვა ღვინის ეროვნული სააგენტოსგან უნდა მიიღოს. რაც იმას ნიშნავს, რომ სააგენტო, რომელსაც აქამდე მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ჰქონდა, ახლა ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც იქნება.

ახალი რეგულაციით, პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე, თვითნებურად გააშენებს ვენახს, იქიდან აღებულ ყურძენს ან ღვინოს ვეღარ გაყიდის. კანონით გათვალისწინებული ცვლილებები მხოლოდ სამეწარმეო სეგმენტს შეეხება და ახალ გასაშენებელ ვენახებზე გავრცელდება. კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება.

ცვლილებების მიხედვით:

ზუსტდება, რომ ეტიკეტზე მიეთითება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი ტექსტობრივი ინფორმაცია და გრაფიკული გამოსახულება, რომელიც მიკრულია, დაბეჭდილია, ამოტვიფრულია ან სხვა სახით, დამაგრებულია სამომხმარებლო ტარაზე.
ღვინის კომპანია ვალდებულია, აღრიცხოს ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესები და ღვინის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს სავალდებულო შეტყობინებები;
ღვინის ყველა კომპანიას ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების ვალდებულება გაუჩნდება, მათ შორის, იმ ღვინის მწარმოებლებსაც, რომელთა მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია, ჯამურად, წელიწადში 1500 ლიტრს არ აღემატება;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე უნდა გამოსცეს ბრძანება "სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის განსაზღვრის შესახებ“.