კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში. სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება. მე პირადად მივიღე ეს, როგორც მკაფიო მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული კორუფციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
პრემიერის თქმით, საზოგადოება ხედავს მკაფიო შედეგებს არა მარტო კორუფციის წინააღმდეგ, არამედ ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ და ეს პროცესი გაგრძელდება.
„კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, ეს მოხდა 2023 წლის დეკემბერში. სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება. მე პირადად მივიღე ეს, როგორც ძალიან მკაფიო მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული კორუფციის წინააღმდეგ. ვფიქრობ, საზოგადოება ხედავს მკაფიო შედეგებს არა მარტო კორუფციის წინააღმდეგ, არამედ ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ. ძალიან მკაცრად ვიბრძვით და ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ის პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა. დანარჩენი დამოკიდებულია ამერიკულ მხარეზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო აშშ-ს სთავაზობს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით.
„ჩვენი შეთავაზება, იცით, რაც არის. ჩვენ აშშ-ს ვთავაზობთ სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას. ეს განაცხადი საჯაროდ გაკეთდა და ის პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა. დანარჩენი არის დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„მოსკოვის მექანიზმს“, ჰააგას რაც შეეხება, ეს ჩვენთვის ვერ იქნება საინტერესო, იქიდან გამომდინარე, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტი, ანგარიში თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, 14 დღეში ერთი ექსპერტი როდესაც წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე.
„ჩვენ ერთი რამ გვაინტერესებს, მაგალითად, პირი უბრუნდება ამ ანგარიშის ავტორს და საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, როდესაც ამ მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც პირდაპირ და უხეშად საქართველოში მედიის გაჩუმება სცადა. ეს არის მთავარი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, დანარჩენი ყველაფერი უინტერესოა. ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღის და ვერც როსტოვის. არ არის ეს საინტერესო. არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს. იმდენად აბსურდულია ეს თემა, რომ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. ეს არ არის სამართლებრივი დასკვნა, მთლიანად პოლიტიკური დასკვნაა. 14 დღეში ერთი ექსპერტი როდესაც წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე. 14 დღეში შეისწავლა, დაწერა 100-გვერდიანი დოკუმენტი, ეს არის ცარიელი პოლიტიკური დასკვნა. შესაბამისად, ამ დოკუმენტს ქართული საზოგადოებისთვის ფასი ვერ ექნება“, – განაცხადა პრემიერმა.
მთელი მსოფლიო არეულია. ამ არეულობაში ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი არის ევროპა, ევროპელი ხალხი, ევროპის მოსახლეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, პირველ რიგში, ეკონომიკური კუთხით ძალიან მძიმედ დაეტყო ეს არეულობა ევროპის კონტინენტს და კონკრეტულად ევროკავშირის სივრცეს.
„ასეთ დროს ევროკავშირის ბიუროკრატია, წესით, უნდა ცდილობდეს ახალი გზების გამონახვას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავებისთვის. ასეთ პირობებში როდესაც, პირიქით, ევროპული ბიუროკრატია ცდილობს კავშირების ჩაჭრას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სტრატეგიული ხაზების ჩაჭრას, ეს მეტყველებს, რომ ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით, რაც აბსოლუტურად ცხადია. ზუსტად ასეთი კარნახით მოახერხეს მათ და ევროპის ეკონომიკა, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, შეამცირეს 17.5%-მდე. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ევროპული სუვერენიტეტი ძალიან დაბალ ნიშნულზეა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არ ვაპირებთ გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონმდებლობის გადახედვას, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკა არ ეფუძნება არავითარ არგუმენტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში არის საკითხები, რომლებიც სიცრუეზეა დაფუძნებული.
„საქმე როცა ეხება არჩევნებში გამოვლენილ პრაქტიკულ ხარვეზებს, ამაზე, ბუნებრივია, მუდმივად უნდა გაგრძელდეს მუშაობა. რაც შეეხება გადაცდომების პრევენციას, ესეც არის ის, რაზეც მუდმივად უნდა ვიმუშაოთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც დაფუძნებულია სიცრუეზე, მაგალითად, ტერმინი „წამება“ გამოიყენება, როდესაც თავადვე აცხადებს ავტორი, რომ წამება არსად არ დაუდგენია. საუბარია იმავე „კამიტზე“ და ა.შ. ამას არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება კანომდებლობას გამჭვირვალობის შესახებ, ოჯახური ღირებულებების შესახებ, ბუნებრივია, აქაც არ ვაპირებთ კანონმდებლობის გადახედვას, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკა არ ეფუძნება არავითარ არგუმენტებს. საერთოდ არ არის ასეთი არგუმენტები წარმოდგენილი, იგივე ეხება სხვა პუნქტებსაც, მედიის სუბიექტურობას, შეკრების ნაწილში შემოღებულ რეგულაციებს და ა.შ.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
