ირაკლი კობახიძე „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად, „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

პრემიერ-მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიიღო პროექტზე, რომლის დასრულება 2028 წელს იგეგმება.

მასშტაბური სოციალური პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში სამი 8-სართულიანი და ექვსი 13-სართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 1077 ოჯახი მიიღებს. 8-სართულიანი კორპუსების მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო 13-სართულიანის  უახლოეს მომავალში დასრულდება. ტერიტორიაზე ეწყობა შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურა. „ოცნების ქალაქში“ ასევე იგეგმება საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის და საბავშვო მოედნების მშენებლობა.

პროექტის პირველ ეტაპზე უკვე აშენდა სამი 12-სართულიანი მრავალბინიანი სახლი, სადაც ბინა საკუთრებაში 582 ოჯახს გადაეცა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.