მსოფლიოში არის რამდენიმე სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე და ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და იურისდიქციას 100 პროცენტზე. ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური ასეთი პოლიტიკური ძალების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჯერ აღიარონ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების იურისდიქცია, მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი.
„ცხრა პარტია გამოვიდა, გამოაქვეყნეს რაღაც მანიფესტი და საუბრობდნენ რაღაც არალეგიტიმური რეჟიმის დამხობაზე, პირდაპირ მანიფესტში უწერიათ. ასეთ ხალხს როგორ უნდა ველაპარაკოთ? ჯერ დაარწმუნონ ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მათ უნდა აღიარონ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ლეგიტიმაცია, იურისდიქცია. მე კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ მსოფლიოში არის რამდენიმე სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე და ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და იურისდიქციას 100 პროცენტზე. ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური ასეთი პოლიტიკური ძალების მიმართ. ჯერ აღიარონ ლეგიტიმაცია და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების იურისდიქცია, მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი. ისინი არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას 2020 წლიდან მოყოლებული, ეს არის კომპლექსური პრობლემა. ჯერ დაარწმუნონ ეს ადამიანები, რომ უნდა მოიქცნენ კარგად, მერე ვისაუბროთ ყველაფერ დანარჩენზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
