ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა, მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რომ შეინარჩუნოს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა.
„კიდევ ერთხელ უნდა გამოვეხმაუროთ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. ეს მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა და ამ ურთულეს ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი ჩვენი ქვეყნის გარშემო, ბუნებრივია, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა. მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, 119 მილიონი დოლარით, 7,6%-ით გაუმჯობესდა წლიური მაჩვენებელი, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.
„მინდა შევეხო ეკონომიკურ საკითხებს, გამოქვეყნდა საქსტატის მხრიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები 2025 წლისთვის. ამ მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ინვესტიციებმა შეადგინა 1 მლრდ 689 000 მლნ დოლარი, რაც 2024 შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. 119 მილიონი დოლარით, 7,6%-ით გაუმჯობესდა წლიური მაჩვენებელი. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.
ასევე, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ იანვარში დაფიქსირდა 7,9% ეკონომიკური ზრდა, რაც გვიმყარებს ოპტიმისტურ მოლოდინებს იმასთან დაკავშირებით, რომ წელსაც, ისევე, როგორც წინა წლებში, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაჭარბებით შესრულდება“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებს, ასევე ელჩებს.
„საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ჩვენი მოქალაქეები საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე. მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ელჩებს, განსაკუთრებით ჩვენს ელჩს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გია ჯანჯღავას, ასევე კატარში - ვაკო ავალიანს, საუდის არაბეთში - ნიკოლოზ რევაზიშვილს და ასევე მადლობა ამ საელჩოების თითოეულ თანამშრომელს, ყოველდღიური ძალისხმევის შედეგი იყო ის, რომ ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში.
4 სახელმწიფო ჩარტერი დაორგანიზდა სახელმწიფოს მხრიდან ომანიდან და საუდის არაბეთიდან და ამის შედეგად საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე. ყველა რეისი სრულად დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან. მადლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მინისტრს მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
