2 272 ლარი დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალი ხელფასია, მაგრამ როცა 2020 წლის შემდეგ 712,5 ლარიდან მკვეთრი გაუმჯობესებაა, ეს არის მთავარი, რითაც შეიძლება, შეფასდეს ხელისუფლების საქმიანობა - პრემიერი

დებატებში სტატისტიკის გარეშე საუბარი შეუძლებელია, რადგან საბოლოო ჯამში სტატისტიკა არის ის, რაც გარკვეულ ფაქტებს ადასტურებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტატისტიკის გათვალისწინების გარეშე დებატებს აზრი არ ექნება.

„ჩვენ რაღაც ფაქტებს უნდა დავეფუძნოთ და სტატისტიკის გარეშე ამ ფაქტებზე ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება ეკონომიკას, ჯერ კიდევ ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა არის არასახარბიელო. დაახლოებით 2,5-ჯერ გვისწრებს გერმანია, ორჯერ გვისწრებს საფრანგეთი, 40 პროცენტით საბერძნეთი, ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ასეთ პირობებში მიგრაციის ტენდენციაც არის უარყოფითი. ანალოგიურად, ევროკავშირის ქვეყნებიდანაც ბევრი გადადის საცხოვრებლად და სამუშაოდ აშშ-ში, რადგან რომ შევადაროთ ერთმანეთს ბულგარეთი და აშშ, სხვაობა ეკონომიკებს შორის არის დაახლოებით სამმაგი. იქაც არის ასეთი სხვაობები. ამიტომ, ეკონომიკის მდგომარეობით ჩვენ კმაყოფილი არ ვართ, ჩვენი ეკონომიკა ნომინალური არის 10 000 დოლარი, 2020 წელს იყო 4 300 დოლარი, ახლა გადასცდა 10 000 დოლარს.

მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 33 ათასი დოლარია ჩვენი მაჩვენებელი, რითაც ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. მთავარია, ტენდენცია გვაქვს კარგი, თუ არ გვაქვს კარგი. ჩვენ რაღაც საზომი უნდა ავიღოთ, საწყისი წერტილი და იმის მერე პროგრესი, წინსვლა დავაფიქსირეთ თუ ვერა, ეს უნდა აღვნიშნოთ. განსხვავებით დემოგრაფიული მაჩვენებლებისგან, იქ ვსაუბრობთ სტატისტიკაზე, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მეტყველებს, რადგან არის კლება, უარყოფითი ტენდენციები. რაც შეეხება ეკონომიკას, აქ განსხვავებული მაჩვენებლები გვაქვს. მაგალითად საშუალო ხელფასი, 2012 წელს იყო 712,5 ლარი და 2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, არის 2 272 ლარი, ესეც ცოტაა, მაგრამ არის მკვეთრი სხვაობა 2020 წელთან შედარებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, უმუშევრობის დონე იყო 2012 წელს იყო 26,7 პროცენტი, 2020 წელს ჩამოვიდა 18,5 პროცენტამდე და 2025 წლის მაჩვენებელი არის 13,9%, რაც კლების მკვეთრ ტენდენციაზე მიუთითებს.

„მაგალითად, 2020 წელს დასაქმებული იყო მილიონ 242 ათასი კაცი, ახლა არის მილიონ 390 ათასი ადამიანი. აქ კმაყოფილი ვერ ვიქნებით, ჯერ კიდევ არის არადამაკმაყოფილებელი მაჩვენებლები, მაგრამ ტენდენცია არის მკვეთრად დადებითი. კიდევ ერთი მაჩვენებელი, ეს ეკონომიკური ზრდა აისახება თუ არა ადამიანების ჯიბეებზე და ჯიბეში იგულისხმება ადამიანების შემოსავალი. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, ახლა გეტყვით, რამდენს იხდიდნენ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში საშემოსავლო გადასახადის სახით. 1,8 მილიარდი იყო 2012 წელს, 3,3 მილიარდი გახდა 2020 წელს და 8,3 მილიარდი გახდა 2025 წელს, ანუ 2020 წელთან შედარებითაც კი 2,5-ჯერ არის გაზრდილი ადამიანების შემოსავლები. ფიზიკურ პირებზე ყველა სახის ფულადი განაცემი ჯამურად შეგვიძლია დავიანგარიშოთ 58,6 მილიარდი, 2020 წელს იყო დაახლოებით 2,5-ჯერ ნაკლები, დაახლოებით 22 მილიარდი იყო. ეს მაჩვენებელიც არ არის კარგი, დამაკმაყოფილებელი. 2 272 ლარი არის დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალი ხელფასი, მაგრამ როცა იწყება 712,5 ლარიდან და 2020-ის შემდეგ გაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, ეს არის მთავარი, რითაც შეიძლება, შეფასდეს, ხელისუფლების საქმიანობა არის თუ არა წარმატებული. ასევე დეპოზიტები ბანკებში იყო 34,6 მილიარდი ლარი, არის გაზრდილი 65,6 მილიარდ ლარამდე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.