ირანის საელჩო: საქართველოდან ირანში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნება შეუძლებელია

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო ქვეყანაში მყოფ ირანის მოქალაქეებს მიმართავს და ატყობინებს, რომ ფრენების გაუქმების ფონზე, სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნება, ამ ეტაპზე, შეუძლებელია.

საელჩოს განმარტებით, დიპლომატიური უწყება ცდილობდა, მიეღო ნებართვა ირანის მოქალაქეების აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით რეპატრიაციისთვის, თუმცა თბილისში აზერბაიჯანის საელჩოსგან უარი მიიღეს.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, ირანის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ალტერნატიულ მარშრუტებს სთავაზობს. განცხადების თანახმად, ირანში გამგზავრება ამჟამად შესაძლებელია სომხეთისა და თურქეთის სახმელეთო საზღვრების გავლით.

"ვაცნობებთ საქართველოში მცხოვრებ ჩვენს ძვირფას თანამემამულეებს, რომ შექმნილი ვითარებიდან და ფრენების გაუქმებიდან გამომდინარე, თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ ძალისხმევა არ დაიშურა, რათა ირანის მოქალაქეთათვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის გავლით სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეღო. თუმცა თბილისში აზერბაიჯანის საელჩომ განაცხადა, რომ შესაბამისი ნებართვის აღებას მინიმუმ ათი დღე სჭირდება.

შესაბამისად, ამ მარშრუტის გამოყენება შეუძლებელია. ჩვენს ძვირფას თანამემამულეებს ირანში გამგზავრება სომხეთისა და თურქეთის გავლით შეუძლიათ"- წერს ირანის საელჩო საქართველოში.

საელჩო რეგიონში შექმნილი ვითარებისა და ფრენების გაუქმების მიზეზებზე დეტალურად არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ უწყება ყველაფერს აკეთებს თანამემამულეების დასახმარებლად.