ნიკოლ ფაშინიანი დღეს თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

3-4 მარტს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ფაშინიანს ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა.

კომისიის მუშაობას ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები თანათავმჯდომარეობენ. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.