ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კოჯორში განუცხადა, სადაც დაღუპული იუნკერების ხსოვნას მატივი მიაგო.
პრემიერის თქმით, ეს დღე შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვისთვის.
„ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას. ისინი გმირულად იბრძოდნენ და მათ დაგვიტოვეს გმირობის ჭეშმარიტი მაგალითი. ჩვენი ვალია მათთვის პატივის მიგება. ეს დღე შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვისთვის. ჩვენი გმირები გვაძლევენ სწორედ ამის მაგალითს და ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ზუსტად ასეთი მაგალითით, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოუწოდებდნენ საქართველოს სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები.
„რასაც ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას და რაზეც ვიღაცები ამბობდნენ, რომ თითქოს ეს არ მომხდარა, დღეს უკვე ღიად დაიწყეს ამაზე საუბარი. ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოგვიწოდეს ჩვენ სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები.
მინდა, შეგახსენოთ, რომ არის ქვეყნები, რომლებსაც ისინი აცხადებენ პროდასავლურად, ანტირუსულად და ა.შ. ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები, არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს მარტივად ორმაგი სტანდარტი, აქედან ჩანს, რომ კონკრეტული ინტერესი აქვთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ ევროკავშირმა იმპორტის ხარჯზე მილიარდებით დააფინანსა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში.
„ასეთ დროს, ჩვენს წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, ვაწარმოებთ პოლიტიკას ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ამ მიზეზით არ დაწესდა სანქციები, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ, ღიად ვერ ბედავდნენ ვერასდროს ასეთი მოწოდებების გაკეთებას, თუმცა ახლა რატომღაც გადაწყვიტეს ასეთი განცხადებების გაკეთება. რასაც მანამდე მალავდნენ, ახლა უკვე ღიად ამბობენ იგივეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს გაეროს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც ჰქონდა მხარდამჭერი პოზიცია.
„ჩვენ აქაც გვქონდა ღიად მხარდამჭერი პოზიცია. მხარი დავუჭირეთ შესაბამის რეზოლუციას. ასევე, არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად. რამდენად სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები, ამას ყველა ხედავს. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო - ჩვენ ათასამდე სხვადასხვა ტიპის აქტს, მათ შორის, რეზოლუციებს და განცხადებებს შევუერთდით მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ასეთ ფონზე ეს ორმაგი სტანდარტები თავის თავზე მეტყველებს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს აღარაფრად ფასობს დიდ ბრიტანეთში არც მედიის თავისუფლება და არც ადამიანის ძირითადი უფლებები.
“არაფერი აღარ ფასობს დიდ ბრიტანეთში, რომელიც, თავის დროზე, მიიჩნეოდა ადამიანის უფლებების სამშობლოდ და სამართლიანად. სწორედ ინგლისში იწყება ადამიანის უფლებების ისტორია და დღეს აღარაფრად ფასობს ამ ქვეყანაში არც მედიის თავისუფლება, არც ადამიანის ძირითადი უფლებები. ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა პროცესებმა ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის, ბრიტანული ბიუროკრატია, რაც არის ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენა. არასერიოზულია, სამარცხვინოა, ეს არის მოკლე კომენტარი, რაც შეიძლება გავაკეთო,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მედიის თავისუფლებაზე ქვეყანაში ხელისუფლება აგებს პასუხს.
„მე მახსოვს, 2007 წელსაც ძალიან ბევრ ადამიანს უხაროდა, „ნაცებს“ უხაროდათ, როდესაც შეილახა მაშინაც „იმედისთვის“ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, მაშინაც იყო უამრავი აჟიტირებული ადამიანი. დღეს, იგივე ადამიანები არიან აჟიტირებულები თუმცა, თუ მაშინ ეფექტური იყო „იმედის“ უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში, ეს არის აბსოლუტურად ფუჭი მცდელობა, რომ შეიზღუდოს „იმედისთვის“ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. ფურცელზე ეს არის, რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი. ამ ქვეყანაში, ბუნებრივია, სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა არის პასუხისმგებელი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე, მათ შორის, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვაზე. 2012 წლამდე, ამ ქვეყანაში შელახული იყო ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის, შელახული იყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, სრული მონოპოლია იყო ჩამოყალიბებული და 2012 წელს, სწორედ, ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი იმაზე, რომ არავის შევალახვინებთ ამ ძირითად უფლებას. დაცული იქნება როგორც ტელევიზიისთვის ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის იქნება დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, როგორც ტელეკომპანია იმედში, ისე ტელეკომპანია „პოსტივიში“, ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. არც ერთ ჟურნალისტს, არც ერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა, პირიქით, სრული შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია. მედიის თავისუფლებაზე ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე ხელისუფლება აგებს პასუხს,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის მარტივი კოორდინაცია ევროპულ ბიუროკრატიაში, რომლის მიზანია, რაღაცნაირად დააზიანონ საქართველოს ინტერესები.
„რასა იუკნევიჩიანეს რაც შეეხება, აქ ობიექტურობაზე საუბარი სრულიად უადგილოა. ჩვენ ვიცით, ვინც არის რასა იუკნევიჩიანე, რა სტანდარტები აქვს მას, შესაბამისად, სრულიად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს.
არის მარტივი კოორდინაცია ევროპულ ბიუროკრატიაში, რომლის მიზანია, რაღაცნაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვხედავთ, რომ ამას პრინციპულად ვერ ახერხებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული იქნება ყველა შესაძლო ზომა.
„ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ ტელეკომპანია „იმედს“ და ტელეკომპანია „პოსტივის“ არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, შეიქმნას ფასების რეგულირების და დაწევის გრძელვადიანი მექანიზმი.
„სამუშაო პროცესი პარლამენტში აპრილის ბოლომდე დასრულდება, თუმცა მანამდე ჩვენ ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას, მათ შორის, ჩვენთვის მთავარია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს. შეიძლება, რაღაც შედეგები იყოს უზრუნველყოფილი მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ფასების რეგულირების და დაწევის გრძელვადიანი მექანიზმი. ამაზე ვმუშაობთ პარალელურ რეჟიმში. საზოგადოებას წარვუდგენთ ინფორმაციას, როგორც კი ეს პროექტი საბოლოოდ დამუშავდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ბრიტანეთის სანქციების პირობებში სახელმწიფო კომპანიების მხრიდან „იმედთან“ და „პოსტივისთან“ თანამშრომლობის გაგრძელებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიებმა უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა ორივე ტელეკომპანიასთან.
„თქვენ გაქვთ იმედი, რომ საქართველოში შეილახება მედიასაშუალებების ძირითადი უფლებები, მე გაძლევთ მარტივ პასუხს - საქართველოში არც ერთი ტელეკომპანიის, არც „იმედის“ და არც „პოსტივის“ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება არ შეილახება. ყველა სახელმწიფო კომპანიამ და არასახელმწიფო კომპანიამაც უნდა გააგრძელოს, ბუნებრივია, ორივე ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა. თქვენ ნუ გაქვთ იმედი, რომ საქართველოში შეილახება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება, ეს იყო თქვენი პარტიის ხელწერა 2012 წლამდე. თქვენს პარტიას ჰქონდა ფეხქვეშ გათელილი როგორც მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ისე მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება. თქვენ თუ გაქვთ იმედი, რომ რასაც აკეთებდით 2012 წლამდე, იმას გააკეთებთ ხვალ, ამის საშუალებას ვერავინ მოგცემთ თქვენ. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ერთი მხრივ, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება იყოს დაცული და მეორე მხრივ - მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება. ეს არის ის ორი ძირითადი უფლება, რომელიც ყველაზე მეტად იყო ფეხქვეშ გათელილი თქვენი ხელისუფლების დროს. თქვენ იყავით მშვიდად, ასეთი აჟიოტაჟი მახსოვს მე თქვენგან სხვადასხვა წლებში, 2022, 2023, 2024, 2025, 2026 წლებში, სულ გქონდათ იმედი, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი დაზიანდებოდა. არასდროს არ დაზიანდა არაფერი ამ ქვეყანაში. ნუ გექნებათ ამის იმედი. თქვენზეც კი ვზრუნავთ და მითუმეტეს ვიზრუნებთ ტელეკომპანია „იმედზე“ და ტელეკომპანია „პოსტივიზე“. ზრუნვა იმაში გამოიხატება, რომ საქართველოში, განსხვავებით 2012 წლამდე არსებული ვითარებისგან, უზრუნველყოფილია მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება და მედიაპლურალიზმი, რაც საერთოდ არ იყო, ნულოვანი იყო 2012 წლამდე, ზუსტად ასე ვზრუნავთ ჩვენ მედიაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2007 წლის შემდეგ, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უზრუნველყო ამ უფლების აღდგენა ტელეკომპანია „იმედისთვის“ და ამ უფლების აღდგენა ისევ მოხდება.
„საქართველოს ხელისუფლება მიიღებს უკლებლივ ყველა ზომას, იმისათვის, რომ დაცული იყოს ტელეკომპანია „იმედის“ და “POSTV“-ის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. რისი შელახვაც სცადა ბრიტანეთმა, იმას ბოლომდე დავიცავთ. ისე, როგორც 2007 წლის მერე, მართალია, 5 წელი დასჭირდა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მედიის ძირითადი უფლების აღდგენას, 5 წლის შემდეგ სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო ამ უფლების აღდგენა ტელეკომპანია „იმედისთვის“. ახლა არ დაგვჭირდება 5 წელი, დაგვჭირდება მაქსიმუმ 5 დღე, იმისათვის, რომ სრულად უზრუნველვყოთ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვა, როგორც ტელეკომპანია „იმედისთვის“, ისე „POSTV”-სთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება სრულად დაიცავს ტელეკომპანიების უფლებებს, სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, ასევე სრულად იქნება დაცული თითოეული ჟურნალისტების უფლებები.
„აქ არიან კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები და ის აჟიოტაჟი, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, სწორედ ამ პარტიის მხარდამჭერებიდან მოდიოდა. მათ ჰქონდათ იმედი, რომ საქართველოში შეილახებოდა „იმედის“ და „POSTV“-სთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, თუმცა, როცა უფრო ღრმად ჩაიხედეს საქმეში, პესიმისტური განწყობა აქვთ. ნახეს, რომ როგორც „იმედი, ისე „POSTV“ ჩვეულებრივ გააგრძელებს მაუწყებლობას, ჟურნალისტების უფლებები იქნება ბოლომდე დაცული და რისი იმედიც ჰქონდა ამ კონკრეტულ პარტიას, რომელმაც მთელი აჟიოტაჟი გამოხატა გუშინ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ ეს იმედი არის სრულიად ფუჭი. საქართველოს ხელისუფლება სრულად დაიცავს ტელეკომპანიების უფლებებს, სიტყვისა და მედიის თავისუფლებას. ასევე სრულად იქნება დაცული თითოეული ჟურნალისტების უფლებები. არც ერთ ჟურნალისტს არ შეეზღუდება საქართველოში საქმიანობა, რისი იმედიც ვიღაცეებს ჰქონდათ. ბანკებიც იქნება დაცული, ტელეკომპანიებიც იქნება დაცული. ყველა სამეწარმეო თუ არასამეწარმეო სუბიექტი, თავის ადამიანის ძირითად უფლებებში იქნება დაცული ამის პირობას ვიძლევი მე. ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ საქართველოში დაცული იყოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთლიანი პაკეტი განწირული იყო ჩავარდნისთვის, აქედან გამომდინარე, თვითონ პროექტის რევიზია აღარ გაკეთებულა.
„პროექტისთვის აღარ გადაუხედავთ, გამომდინარე იქიდან, რომ იმთავითვე პროექტი იყო განწირული ჩავარდნისთვის. მთლიანი პაკეტი განწირული იყო ჩავარდნისთვის, აქედან გამომდინარე, თვითონ პროექტის რევიზია აღარ გაკეთებულა. რა ინფორმაციასაც მოგვთხოვენ, ყველა ინფორმაციას გავგზავნით. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სასანქციო რეჟიმის დაცვაზე. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე. როგორი იმედიც არ უნდა გქონდეთ, რომ ამ ქვეყანას რაღაც დაუშავდება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არავის არაფერი დაუშავდეს. 4 წელია, ომი დაიწყო. 4 წელია, სამარცხვინოდ სპეკულირებთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოში ირღვევა სასანქციო რეჟიმი. ამდენი მისია ჩამოვიდა, ევროკავშირი, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები - ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ არც ერთხელ არ დარღვეულა საქართველოში სასანქციო რეჟიმი. სამარცხვინოდ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ აგრძელებთ სპეკულირებას. ეს არის ტრაგიკული მოვლენა. 2012 წლამდე რასაც აკეთებდა თქვენი პარტია, ამ ქვეყანას ყოველდღიურად რომ აზიანებდა, იგივეს აკეთებთ თქვენ ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში და მანამდეც იგივეს აკეთებდით. ეს არის სამარცხვინო. ორჯონიკიძე შემოვიდა აქედან საქართველოში. თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს. როდესაც წლების განმავლობაში ცდილობ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებას, ეს არის სერგო ორჯონიკიძის საქმე“, - განაცხადა პრემიერმა.
