ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ პირი, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი შეუწყდება, სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გადამოწმებისას გამოვლინდება ქონების შესახებ ყალბი მონაცემები აქვს შევსებული.
საქმე ისაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ბაზაში არიან ისეთი ოჯახები, რომელთაც რამდენიმე მანქანა ჰყავთ შეძენილი და არ აკმაყოფილებენ სოციალური შემწეობის მისაღებად აუცილებელ კრიტერიუმებს.
"გადაწყვეტილების მიღება სოცდაუცველთა ბაზიდან ამოღების და სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაგრამ შესაძლოა წავაწყდეთ შემთხვევებს, როდესაც მაგალითად სიყალბეს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ამიტომაც, ეს იქნება მკაცრად დამონიტორებული პროცესი, მკაცრი იქნება მიდგომებიც, ყურადღებაც და ბუნებრივია შევეცდებით, რომ არც ერთი სამართალდარღვევა, თუკი ეს გამოვლენილი იქნება, არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე. წინასწარ თქმა, რამდენი იქნება ან თუ იქნება სამართალდარღვევა, არ შემიძლია, თუმცა თუ იქნება, რეაქციაც იქნება შესაბამისი", - განაცხადა სარჯველაძემ.
