რომელ სექტორებში საქმდება ყველაზე მეტი უცხოელი და ვინ ფლობს ბინადრობის ყველაზე მეტ ნებართვას - პრემიერის გამოსვლა პარლამენტში მიგრაციის საკითხებზე

მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გასაკვირი არაა, რომ პარლამენტის წევრებსაც გაქვთ განსაკუთრებული ინტერესი ამ საკითხის მიმართ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში მიგრაციას განაპირობებს.

 

„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, თუ როგორია საერთო მოცემულობა - საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა არის 3 მლნ 914 ათასი ადამიანი, აქედან მაქსიმუმ 257 ათასი არის უცხოელი. რატომ ვამბობთ მაქსიმუმს - საქსტატს არ აქვს დაზუსტებული მონაცემები, დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 25 ივნისს და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდება, გამომდინარე იქიდან, რომ არის გარკვეული ბუნდოვანება კონკრეტულ შემთხვევებში. მაქსიმალური რაოდენობა არის 257 ათასი. რა განაპირობებს ზოგადად საქართველოში იმიგრაციას, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, პირველი - საქართველო არის ტურისტული ქვეყანა და, ასეთ პირობებში, რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული მიგრაციული პროცესების მართვა. მოგეხსენებათ, განათლების სისტემა არის, ასევე, გახსნილი უცხოელებისთვის და საქართველოში, დღეს, სწავლობს 37 000 უცხოელი სტუდენტი. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის შრომითი მიგრაცია. საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე არ არის ქართველი მუშახელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული, ასეთი ინტერესი არ არის. და რა თქმა უნდა, არალეგალური მიგრაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ძალისხმევა არის საჭირო,“- განაცხადა პრემიერმა.


"საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით"

მთავრობის მეთაურის თქმით, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები.

„ჩვენი უხეში გაანგარიშებით და მინდა გითხრათ, რომ გააქტიურებულია მიგრაციის დეპარტამენტის მუშაობა და ჩვენ, სავარაუდოდ, დაახლოებით  1 თვეში, მაქსიმუმ აპრილში გვექნება დაზუსტებული  მონაცემები არალეგალური მიგრაციასთან დაკავშირებით, ჩვენი წინასწარი მონაცემებით, არალეგალი მიგრანტების რაოდეობა საქართველოში შეადგენს, დაახლოებით,  20 000-ს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დაახლოებით,  2 თვეში მაქსიმუმ გვექნება დაზუსტებული მონაცემები. 107 000+20 000 - ეს არის მთლიანობაში 127 000, ამას ემატება, დაახლოებით 125 000-მდე უკრაინის მოქალაქე, რომელიც ბინადრობის და ნებართვის გარეშე იმყოფება საქართველოში. რჩება, დაახლოებით, 100 000 მიგრანტი ამის მიღმა. საიდან მოდის ეს მაჩვენებელი -  საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა ერთის გამოკლებით სარგებლობს ამ პრივილეგიით საქართველოში, არა მარტო ევროკავშირის, არამედ ევროპის ყველა ქვეყანაზეა საუბარი. ამ პრივილეგიით სარგებლობს ასევე შუა აზიის ყველა ქვეყანა და ე.წ. ყურის ყველა ქვეყანა“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა არის 257 000.

 

„აქ შედის ყველა, მათ შორის არალეგალი მიგრანტი. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ლეგალურად საქართველოში მყოფ ადამიანებზე. 257 000-ში შედის, მათ შორის არალეგალი მიგრანტების რაოდენობა. 25 ივნისს გამოქვეყნდება საერთო დაზუსტებული სტატისტიკა, თუმცა მანამდე შეგვიძლია, ზოგადი მაჩვენებლებით ვიხელმძღვანელოთ. 

 

მეორე შეკითხვას რაც შეეხება, როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით, მე უკვე საზოგადოებას გავუზიარე ინფორმაცია, რომელიც ეფუძნება საზღვრის კვეთის მონაცემებს და ამ მონაცემების თანახმად, უცხოელების 70 პროცენტზე მეტი არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები, ან ევროკავშირის, ან ამერიკის შეერთებული შტატების, ან ისრაელის მოქალაქეები. დანარჩენ ქვეყნებზე მოდის მიგრანტების დაახლოებით 30%.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

მისივე თქმით, საქართველოში ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე.

 

„დავაზუსტებ იმთავითვე, რომ საქართველოში ყოფნის ერთ-ერთი საფუძველია ბინადრობის ნებართვა და მოგვიანებით შევეხები საქართველოში ყოფნის სხვა საფუძვლებსაც. რაც შეეხება სტატისტიკას, უშუალოდ ბინადრობის ნებართვის მიმართულებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან 29,9 პროცენტი, 32 129 ადამიანი. აქ მინდა დავაზუსტო, რომ მათი დიდი ნაწილი არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები და ქართული გვარის მქონე პირები. ჩვენ ჩავხედეთ საზღვრის კვეთის სტატისტიკას და გავარკვიეთ, რომ ეს მაჩვენებელი არის დაახლოებით 30%. რუსეთის მოქალაქეების 30%, რომლებიც უცხოელის სტატუსით იმყოფებიან საქართველოში, არიან რეალურად ქართველები, ეს არის ის სტატისტიკა, რომელსაც გვიჩვენებს ჩვენ საზღვრის კვეთის მონაცემები. მეორე ადგილზეა ინდოეთი 23 930 პირზე არის გაცემული ბინადრობის ნებართვა და მათი უდიდესი უმრავლესობა არიან სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში. მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი 6,3 პროცენტი, აქაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა არიან საქართველოდან გასული აზერბაიჯანელები, რომლებიც ფლობენ დღეს აზერბაიჯანის მოქალაქეობას და დაბრუნებული არიან საქართველოში. რაც შეეხება უკრაინას, 5,9 პროცენტი, 6 290 ადამიანია ასეთი, თუმცა დამატებით ბინადრობის ნებართვის გარეშე ჩვენი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, ლტოლვილის რეალური სტატუსით საქართველოში ცხოვრობს დამატებით 25 000 უკრაინელი. მთლიანობაში საქართველოში უკრაინელების რაოდენობა არის 30 000-მდე, საიდანაც 6 290 აქვს ბინადრობის ნებართვა, 25 000-მდე უკრაინელს ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა. სომხეთი 4,8 პროცენტი, 5 000-ზე მეტი ადამიანია, აქაც ჩვენი ვარაუდით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გავიდნენ საქართველოდან, მიიღეს სომხეთის მოქალაქეობა და შემდეგ დაბრუნდნენ ისევ საქართველოში. ბელარუსი 3 738 პირს აქვს მინიჭებული ბინადრობის ნებართვა. თურქეთი არის 3,4 პროცენტი 3 645 პირი, ირანი - 3,1 პროცენტი 3 331 ირანის მოქალაქეს აქვს მინიჭებული საქართველოში ბინადრობის ნებართვა. სუდანი 2%, ესენი არიან მთლიანად სტუდენტები, რომლებიც სამედიცინო მიმართულებით სწავლობენ საქართველოში. ჩინეთი - 1,9 პროცენტი, 2000-ზე მეტი ჩინეთის მოქალაქეა, ესენი არიან ძირითადად სამუშაო ძალა, რომლებიც არსებითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არიან დასაქმებული. იორდანია 1,9 პროცენტი, 2000-ზე მეტი იორდანიის მოქალაქეა საქართველოში. მათი უდიდესი უმრავლესობა არიან სამედიცინო მიმართულების სტუდენტები. პაკისტანი - 1,5%, 1618 არის რაოდენობა და ისინიც მთლიანად არიან სამედიცინო მიმართულების სტუდენტები. ანალოგიურად ეგვიპტე - 1,2 პროცენტი, 1341, აქაც თითქმის ყველა არის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი. აშშ - 1 პროცენტი, 1000 პირზე მეტი არის ასეთი. უკეთესი არის საერთო სტატისტიკა, რასაც ჩვენ ვადგენთ ბინადრობის ნებართვის გაცემის მაჩვენებლებიდან გამომდინარე. მთლიანობაში ბინადრობის ნებართვით საქართველოში სარგებლობს 107 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, გენდერული სტატისტიკის მიხედვით, 74% არის მამაკაცი, 26% - ქალი. 

„რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც შრომით საქმიანობას ახორციელებენ საქართველოში. შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ელექტრონული ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448 შრომითი იმიგრანტი. გენდერულ სტატისტიკასაც მოგახსენებთ - 74% არის მამაკაცი, 26% - ქალი. მათგან, დაახლოებით 25% არის რუსეთის მოქალაქე, დაახლოებით 13.3% არის ინდოეთის მოქალაქე, თურქეთის - 5 600 პირი, ბელარუსი -  4 930. სლავური ქვეყნების წარმოადგენლები ძირითადად არიან დასაქმებული IT სექტორში უმეტესად. რაც შეეხება ინდოეთის მოქალაქეებს, ისინი უმეტესად არიან დასაქმებული მშენებლობის სექტორში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში. თურქმენეთი - არის 4 000-ზე მეტი ასეთი პირი, ისინი ძირითადად ინფრასტრუქტურის სფეროში არიან დასაქმებული, აზერბაიჯანი - 3 000-მდე პირია, უკრაინა - 2 849. უკრაინელები ძირითადად არიან IT სფეროში, თუმცა ასევე სტუმარ-მასპინძლობის სფეროში დასაქმებული. ჩინეთი - 2 000-მდე პირია, ყაზახეთი - 1 891, ირანი - 1 277 პირი. 
რაც შეეხება დასაქმების სექტორებს, საერთო სტატისტიკას  - IT სფეროში არის დასაქმებული უცხოელი შრომითი მიგრანტების 32%, მშენებლობის სექტორში - 3.6%, მარკეტინგი, რეკლამა, გაყიდვები, მომარაგება, გაქირავება -7.9%, გართობა, დასვენება, სათამაშო ბიზნესი - 6.6%, ბიზნესის ადმინისტრირება - 6.2%, სტუმარ-მასპინძლობა - 5.8%, დაუმუშავებელი მრეწველობა - 4.6%, აქაც არის ქარხნები, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელია ხშირ შემთხვევაში ქართველი მუშახელის მოძიება, შესაბამისად, შესაბამის საწარმოებს უწევთ უცხოელი მუშახელის ჩამოყვანა საქართველოში. განათლების სფეროში დასაქმებულია  უცხოელების 2.1%, სპორტი - 2.1%“, -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

 

„რაც შეეხება იმას, თუ როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა საქართველოში ყოფნის საფუძვლის და საქმიანობის მიხედვით - სასწავლო ბინადრობის ნებართვით საქართველოში სარგებლობს 35 000 სტუდენტი. დამატებით 2000 სტუდენტი იმყოფება სხვა საფუძვლით, სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვით საქართველოში. 37 000 სტუდენტიდან 35 040-ს აქვს მინიჭებული სასწავლო ბინადრობის ნებართვა. სასწავლო ბინადრობის ნებართვის წილი საერთო მაჩვენებელში არის 32,65%. 

 

რაც შეეხება უშუალოდ განათლების სფეროს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის უცხოელი სტუდენტების ყოფნა საქართველოში, მინდა გაგიზიაროთ ეკონომიკური მონაცემები - ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში არის 1,2 მლრდ ლარი. შესაბამისად, მხოლოდ ამის შედეგად ჩვენს ბიუჯეტში ყოველწლიურად შემოდის 300 მლნ ლარი, მხოლოდ უცხოელი სტუდენტების ყოფნის შედეგად, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ გახსოვთ, რომ კონკრეტული სუბიექტები, მაგალითად USAID-ი წელიწადში 100 მლრდ დოლარს გვამადლიდა, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არ ხმარდებოდა ქვეყნის განვითარებას, მითუმეტეს, არც ბიუჯეტში შემოდიოდა. მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში შემოდის მხოლოდ ბიუჯეტში 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოში შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქ გადახედვის არც საჭიროება და არც მიზანშეწონილობაა“, - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას იღებდა პირი, რომელიც საქართველოში შეიძენდა 100 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას და ეს ზღვარი 150 000 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

 

„მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა - ამაზე იყო უამრავი სპეკულაციები. გახსოვთ, რომ ამ სპეკულაციებს უკავშირებდნენ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და აცხადებდნენ, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვებით წაგვლეკავდნენ ჩვენ უცხოელი მიგრანტები. მთლიანობაში, გეტყვით, როგორი სტატისტიკაა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ნაწილში. შეგახსენებთ, რომ მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას იღებს პირი, რომელიც საქართველოში შეიძენს ისეთ უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარს და ეს ზღვარი არის გაზრდილი 150 000 აშშ დოლარამდე. მთლიანობაში, საქართველოში იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც სარგებლობენ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვით, არის 4 827 პირი, აქედანაც ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად სპეკულაციური იყო ის განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას.

ბინადრობის ნებართვა საქართველოს ყოფილი მოქალაქისათვის გაცემულია 2 716 პირზე, 2.5. %-ია მათი ხვედრითი წილი მთლიან სტატისტიკაში. სპეციალური ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 1952 პირზე, სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება, იყოს ტრეფიკინგის დანაშაულის მსხვერპლი, ან დაზარალებული, ანუ რეალურად თავშესაფარს ვაძლევთ ასეთ პირებს საქართველოში. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა სულ არის გაცემული 1347 პირზე და ეს ნებართვა გაიცემა იმ უცხოელზე ამ მისი ოჯახის წევრზე, რომელმაც განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, ან რომელსაც საქართველოში აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, რომლის ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარს. მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 646 პირზე, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვის გაგრძელება 223 პირზე, IT ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 92 პირზე. სინამდვილეში, IT სექტორში ბევრად მეტი უცხოელია დასაქმებული საქართველოში, თუმცა ჩამოყალიბებული პრაქტიკა არის ის, რომ ეს პირები იღებენ არა IT ბინადრობის ნებართვას, არამედ სტანდარტულ შრომით ბინადრობის ნებართვას. სასურველია, რომ ამ მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალოს და დაიხვეწოს. უვადო ბინადრობის ნებართვა გაცემულია 14 პირზე, ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვა - 4 პირზე. ეს არის საერთო სტატისტიკა, რაც სრულ სურათს გვიჩვენებს ბინადრობის ნებართვის სტატისტიკის თვალსაზრისით,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო კანონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა ბოლო პერიოდში მიიღო.

„ეს იყო ცვლილებები კანონში უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები. გარდა ამისა, გამკაცრდა საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები და გამკაცრების საშუალებაც მოგვცა შესაბამისმა საკანონმდებლო ცვლილებებმა. ჩვენ 2025 წელს, გასული 12 თვის განმავლობაში გავაძევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში, ანუ გადავასწარით გასული 10 წლის სტატისტიკას, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენი გეგმის მიხედვით, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და 2026 წლის განმავლობაში ვფიქრობთ, მივაღწევთ 4 ათასიან ნიშნულს, შესაბამისად, მოხერხდება უცხოელი არალეგალი მიგრანტების დაახლოებით 20%-ის გაძევება მიმდინარე წლის განმავლობაში. ეს სავსებით რეალურია იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა გაძევებული არალეგალი მიგრანტების მოქალაქეობის სტატისტიკაზე.

„გაძევებულ პირთა 20,5% არიან ინდოეთის მოქალაქეები, 12,9% - თურქეთის მოქალაქეები, 12% - ირანის მოქალაქეები, 7,5% - ჩინეთის მოქალაქეები, 5,6% - რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, დასაქმების სფეროში არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და ეს  განაპირობებს შრომით მიგრაციას საქართველოში.

 

„რაც შეეხება ნებართვის მეორე კატეგორიას, ეს არის მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომლითაც სარგებლობს საქართველოში 28 363 უცხოელი მოქალაქე. ეს არის 26,4% მთლიანად ბინადრობის ნებართვებში. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე, ასევე იმ უცხოელზე, რომეოლიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ესენი არიან უცხოელები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ქვეყანასთან და საქართველოს მოქალაქეებთან. საუბარია არსებითად იმ უცხოელებზე, რომლებსაც ოჯახური კავშირები აქვთ საქართველოს მოქალაქეებთან.

 

შემდეგ არის შრომითი ბინადრობის ნებართვა. 15 699 პირი სარგებლობს შრომითი ბინადრობის ნებართვით. წილი არის 14,6%. როგორც უკვე ითქვა, დასაქმების სფეროში არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი. როდესაც საქართველოს ბიზნესასოციაცია ატარებს ხოლმე საკუთარი კვლევების პრეზენტაციას, ისინი ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემების სამეულში ასახელებენ სამუშაო ძალის დეფიციტს და მეორე არის მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი. ეს ყველაფერი კარგად ჩანს საერთო სურათიდან, რომელიც შექმნილია შრომის ბაზარზე და ეს ყველაფერი განაპირობებს შრომით მიგრაციას საქართველოში. რომ არა უცხოელების ყოფნა საქართველოში, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ვერ განხორციელდებოდა. არის სერიოზული სამუშაო ძალის დეფიციტი სხვადასხვა მიმართულებით. ძირითადად, ეს ეხება მშენებლობის სფეროს, თუმცა, არა მარტო. სტუმარ-მასპინძლობის სფეროშია სერიოზული სამუშაო ძალის დეფიციტი, აქედან გამომდინარე, შრომითი მიგრაციის კუთხით ჩვენს ქვეყანაში საჭიროება არსებობს.

 

მუდმივი ბინადრობის ნებართვა მინიჭებული აქვს 10 726 პირს, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა 5658 უცხოელს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა შსს-ში მიგრაციის დეპარტამენტის ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაძლიერების კუთხით.

 

„ჩვენ, რამდენიმე დღის წინ, მოვინახულეთ მიგრაციის დეპარტამენტის სრულიად ახლად აშენებული შენობა, გვაქვს ახალი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომლითაც არის მიგრაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფილი და ასევე მინდა, მოგახსენოთ, რომ რამდენჯერმე გაიზარდა თანამშრომლების რაოდენობა, სულ 9 თანამშრომელი იყო დაკავებული მიგრაციის საკითხებით, გასაგებია, რომ ასეთ პირობებში რთული იყო შედეგების მიღწევა. რამდენჯერმე გაიზარდა ეს მაჩვენებელი, რაც მოგვცემს უკანონო მიგრაციასთან ეფექტიანად ბრძოლის შესაძლებლობას. ასევე, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს სასაზღვრო პოლიციის ტექნიკური აღჭურვილობის მოდერნიზაცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია, უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მზადდება მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივები,“- განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, 2020 წელს დამტკიცებული სტრატეგია ამ კუთხით ნაკლებად ხელშესახებ ზომებს ითვალისწინებს და ახალი სტრატეგია შეიძლება განახლებულ დოკუმენტში აისახოს, რომელიც უკანონო მიგრაციასთან ეფექტიანი ბრძოლის საშუალებას შექმნის.

„მიმდინარე წელს, ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით 4 ათასი უკანონო მიგრანტის გაძევება უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე წელიწადში შეგვიძლია, მთლიანად აღმოვფხვრათ უკანონო მიგრაცია საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის უფრო ეფექტიანი სტრატეგია, ვიდრე ის, რაც იყო ასახული 2020 წელს დამტკიცებულ დოკუმენტში. რა თქმა უნდა, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იმ პროცესების ფონზე, რომელიც ვითარდება, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, ბუნებრივია, ყველას აქვს შიში, რომ იგივე არ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. ხედავთ, როგორ იზრდება მიგრანტების წილი მოსახლეობაში ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნება. შესაბამისად, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები და ამ ზომების მიღება მომავალშიც, ბუნებრივია, გაგრძელდება. რაც შეეხება სპეკულაციებს, ამ სპეკულაციებისთვის არ არსებობს არავითარი საფუძველი და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოტივირებულია პოლიტიკური ინტერესებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით იყო ჩამოყალიბებული პრობლემური პრაქტიკა. 

„იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც რეალურად პირი არ იმყოფებოდა სწავლის მიზნით საქართველოში და მათზე მაინც გაიცემოდა ბინადრობის ნებართვა. ასეთი შემთხვევები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. მაქსიმალურად გამკაცრდება პოლიტიკა ამ კუთხით. 
დაიხვეწება უცხოელების მონაცემთა ბაზა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ სრულფასოვანი მონაცემთა ბაზა, სადაც აისახება მონაცემები საქართველოში მყოფი ყველა უცხოელის შესახებ. ბუნებრივია, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზომა, რომელიც გვაძლევს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის შესაძლებლობას. 
ზოგადად, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა არის მუდმივი პროცესი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს უნდა შევხვდეთ მომზადებული და ზუსტად ამას ემსახურება ის ცვლილებები, საკანონმდებლო თუ პრაქტიკული, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა მთლიანად სისტემაში“, -  განაცხადა პრემიერმა.


 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაქსიმალური ჯარიმა იყო 360 ლარი. ასეთ პირობებში იყო დიდი ცდუნება იმისა, რომ ადამიანს განსაკუთრებული რისკის გარეშე ჩაედინა შესაბამისი სამართალდარღვევა.

 

„ახალი კანონმდებლობის მიხედვით, როგორც მოგეხსენებათ, დადგენილია გაზრდილი ჯარიმები 1000-დან 3000 ლარამდე და ფულად ჯარიმებთან ერთად, დაწესებულია შემოსვლის აკრძალვა შესაბამისი სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე. გამომდინარე სამართალდარღვევის შინაარსიდან, 6 თვიდან 3 წლამდე შემოსვლის აკრძალვა არის გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის სახით. ასეთი აკრძალვა გასული წლის პირველი ოქტომბრიდან დაუწესდა 2 331 პირს. 

 

ასევე ცალკე არის დადგენილი პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ აქაც კრიმინალიზაცია მოხდა მთელი რიგი სამართალდარღვევების. გაძევება და შემოსვლის აკრძალვა, ასეთი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის შემოსვლის აკრძალვა გათვალისწინებულია 2-დან 20 წლამდე ვადით, გამომდინარე სამართალდარღვევის კატეგორიიდან. ასეთი ზომა შეეფარდა სასჯელის სახით 52 პირს საქართველოში პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული. 

 

რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პირის გაძევებას და შემოსვლის აკრძალვას, ასეთი ზომა შეეფარდა 22 პირს პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველწლიურად საშუალოდ 1 200-ზე მეტი განაცხადი შედის.

 

„2025 წელს შემოვიდა 1 352 განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე. რაც შეეხება სტატისტიკას ქვეყნების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება - თურქეთი 226 პირი, ინდოეთი 219 პირი, უკრაინა 150 პირი, ირანი 135 პირი, პაკისტანი 116 პირი. მიღებული იქნა ახალი კანონი საერთაშორისო დაცვის შესახებ, მადლობა თქვენ ამისათვის, მაქსიმალურად შეიზღუდა ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა. უმეტეს შემთხვევაში, აშკარად საფუძვლის გარეშე ითხოვენ თავშესაფარს უცხოელი მიგრანტები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქ გვქონდეს სათანადო რეაგირების საშუალება. დაინერგა სკრინინგის მექანიზმი, დაინერგა ასევე უსაფრთხო მესამე ქვეყნის კონცეფცია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მარტივი, დაჩქარებული პროცედურების საფუძველზე ვუთხრათ უარი იმ პირებს თავშესაფარზე, რომლებსაც რეალური საფუძველი არ აქვთ. გაფართოვდა განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის შესაძლებლობა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაინერგა განცხადების უშუალოდ საზღვარზე განხილვის პროცედურა. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც უცხოელები ცდილობენ საქართველოში შემოსვლას, თავშესაფრის მიღებას, ისე, რომ აშკარად არ აქვთ არავითარი საფუძველი ამისათვის და ახალი რეგულაციები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საზღვარზე გავაბრუნოთ შესაბამისი პირები. იმ პირთა 77,7 პროცენტს, რომელთაც შარშან მიენიჭათ საერთაშორისო დაცვა, შეადგენენ უკრაინელები. გასაგებია მიზეზი, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. სულ მთლიანობაში დაკმაყოფილებულ განცხადებებში უკრაინელების წილი არის 42 პროცენტი. თავშესაფართმიცემულ პირებს შორის 42 პროცენტი არიან უკრაინის მოქალაქეები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან მკაფიოდ და გამჭვირვალედ. 

 

„ითქვა, რომ მიწებს ვყიდით უცხოელებზე, მინდა, შეგახსენოთ, რომ მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მკაფიოდ და გამჭვირვალედ. ცხადდება ყველაფერთან დაკავშირებით ღია აუქციონები და სწორედ აუქციონების საფუძველზე იყიდება მიწები. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონსტიტუცია ზღუდავს ამ მიწების გასხვისებას უცხოელებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს უძრავი ქონების სფეროში ბოლო პერიოდში დაანონსებულ მსხვილ პროექტებს. 

„იყო უამრავი სპეკულაცია.  ძირითადად, ეს სპეკულაციები უკავშირდებოდა კომპანია „იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო ინვესტიციას, რომელიც ხორციელდება საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში დაგეგმილია 16 000 ბინის რეალიზაცია ამ პროექტის ფარგლებში და უკვე დასრულდა წინასწარი გაყიდვები. ეს სტატისტიკა, რაც გვაქვს, უკვე გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად სპეკულაციური იყო კამპანიები, რომელიც ამ საინვესტიციო პროექტს უკავშირდებოდა. მთლიანობაში, გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს საქართველოს მოქალაქეებმა. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ჩვენი ვარაუდით, მყიდველების ნახევარზე მეტი იქნებოდნენ საქართველოს მოქალაქეები და ეს დადასტურდა იმ სტატისტიკით, რომელიც არის წარმოდგენილი -  147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 - უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა. 
რაც შეეხება ყბადაღებულ არაბიზაციას. მთელი სპეკულაციები უკავშირდებოდა ამ ტერმინს. ეს ახასითებს ხოლმე ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას. აიღებენ ხოლმე 2 სიტყვას, შინაარსში საერთოდ არ შედიან და ერთი და იგივე 2 სიტყვას ატრიალებენ. ადრე იყო რუსული კანონი, ახლა იყო  არაბული ქალაქები. როგორც რუსული კანონის კამპანია ჩავარდა, ასევე ძალიან მარტივად ჩავარდა არაბული ქალაქების კამპანიაც. ამას სტატისტიკაც აჩვენებს. ამ 257 ბინიდან 8 ბინა შეიძინეს იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებიც არიან არაბული ქვეყნები. თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ჩავარდა იმთავითვე ეს კამპანია და აღიარეს ირიბად საკუთარი მარცხი. ახლა გადაერთნენ იმაზე, რომ თუ საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ ამ ბინებს, მაშინ გამოდის, რომ 6.6 მლრდ დოლარის ინვესტიცია როგორ შემოდის საქართველოში. ეს არის მათი შეკითხვა. როგორც ჩავარდა არაბიზაციის კამპანია, ასევე ჩავარდება კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია თითქოს არის არარეალური. რეალურად, საქართველოში განხორციელდება 6.6 მლრდ დოლარის ინვესტირება და როგორც ეს ყველაფერი დადასტურდა გაყიდვების სტატისტიკით, ასევე დადასტურდება მომავალში ეკონომიკური და საბიუჯეტო სტატისტიკით, რომელსაც აუცილებლად გავუზიარებთ ყოველწლიურად ჩვენს საზოგადოებას. 
რაც შეეხება პროექტების და მშენებლობის გავლენას საქართველოში მიგრაციაზე, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. მოკლევადიან ბინადრობის ნებართვასაც უკავშირებდნენ ამ სპეკულაციებს. აცხადებდნენ, რომ როგორც კი პირი ყიდულობს ბინას. 150 000-ზე მეტი ღირებულების ბინას საქართველოში, მაშინვე მარტივად შეუძლია იცხოვროს საქართველოში. ერთი, რომ ეს არის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომლის ვადა არის მაქსიმუმ 1 წელი, ეს ერთი. მეორე, აქაც სტატისტიკა გაგაცანით, 5 000-ზე ნაკლებია ისეთი პირების რაოდენობა, რომლებიც ბინის შეძენის საფუძველზე იღებენ მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას. რამდენად სპეკულაციურია ეს განცხადებები, სტატისტიკიდანაც ძალიან მარტივად ჩანს“, -  განაცხადა პრემიერმა.