ქვეყნისთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება ტერიტორიების ოკუპაცია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად ერთიანი და მშვიდობიანი საქართველო ავაშენოთ - პრეზიდენტი

ჩვენი გზავნილები მკაფიოა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ, ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო ავაშენოთ, –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობის მაღალი ხარისხი არის გზა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგვიყვანს საქართველოს გაერთიანებასთან.

„ჩვენი ნაბიჯები ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ვსაუბრობთ მშვიდობაზე, არამედ რეალურად ვზრუნავთ მის უზრუნველყოფაზე, რაც შეიძლება, ნდობის აღდგენისა და ჩატეხილი ხიდების ხელახლა აგების გზაზე მნიშვნელოვან წინაპირობად გადაიქცეს.

სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობის მაღალი ხარისხი არის გზა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საბოლოო გაერთიანებასთან. ამის რწმენას კი ჩვენი საერთო ისტორია, კულტურა და ღირებულებები გვიმყარებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.