მე ვერ ვიგებ ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასეთ დროს პოლიტიკური განცხადებებით არ შეიძლება გამოდიოდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, არ შეიძლება უნივერსიტეტი იყოს პოლიტიზებული, არც კერძო და არც სახელმწიფო.
„რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტს, მე ვერ ვიგებ ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას, რაზეც ყურადღება გავამახვილე, მათ შორის, დებატების დროს. ილიას უნივერსიტეტი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასეთ დროს პოლიტიკური განცხადებებით არ შეიძლება გამოდიოდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, მითუმეტეს ხომ. ზოგადად, არ შეიძლება პოლიტიზებული იყოს არც ერთი უნივერსიტეტი არც კერძო, არც სახელმწიფო, მაგრამ, მაგალითად, როდესაც გამოდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და საუბრობს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა კონცეფცია, ანუ ზუსტად იმავე ლექსიკას მიჰყვება, რასაც მიჰყვება რადიკალური ოპოზიცია, შეიძლება ასეთ რამეს აკეთებდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა? ისინი არ უნდა შედიოდნენ პოლიტიკურ პროცესებში. მათი სურვილი უნდა იყოს საგნობრივი მსჯელობა ყველა თემაზე, რაც მე, პირადად, შევთავაზე უნივერსიტეტის ხელმძღვანელს, უნივერსიტეტის რექტორს და ორ დღეში წავიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს უშუალოდ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ლიდერობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება. ასეთი დამოკიდებულებით პროცესები სწორი მიმართულებით ვერ განვითარდება. ჩვენ გვაქვს კონცეფცია, ეს კონცეფცია ეფუძნება კონკრეტულ არგუმენტებს. დებატებიდან ალბათ ნახავდით, რომ ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ კონცეფციის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. ძალიან მარტივად, რა განსხვავებაა დასკვნასა და არგუმენტს შორის - დასკვნას არსებითად დაესმის კითხვა - „რა?“ „რა“ - გავიგეთ, ფიქრობენ იმას, რომ არ მოსწონთ კონცეფცია. რაც შეეხება არგუმენტებს, არგუმენტს დაესმის კითხვა - „რატომ?“ და ეს რატომ ვეღარ გავიგეთ. არ მოსწონთ გავიგეთ, მაგრამ რატომ არ მოსწონთ ვერ გავიგეთ. შესაბამისად, ასეთ პირობებში დისკუსიის გაგრძელებას აზრი არ აქვს. როდესაც ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოგაქვს კონცეფციის წინააღმდეგ, კონცეფციის კონკრეტული პუნქტების წინააღმდეგ, ორი საათი გქონდა ამის შესაძლებლობა და ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიტანე, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია დისკუსიის წარმოება. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი უნივერსიტეტის შემთხვევაში, იქნება ეს თსუ, ტექნიკური, ილიას უნივერსიტეტი, სამედიცინო, კერძო უნივერსიტეტები, ნებისმიერი უნივერსიტეტის შემთხვევაში, მზად ვართ, მოვისმინოთ არგუმენტები, შევიდეთ ჯანსაღ დისკუსიაში, თუ ამის მზაობას დავინახავთ,“- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის არგუმენტია, რომ ქვეყანას აქვს მწირი რესურსები, რასაც ოპტიმალური გამოყენება სჭირდება და ამ პრინციპთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოისმინა.
„ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან როდესაც მოვისმინეთ არგუმენტები, რაღაცას შეიძლება ვეთანხმებოდით, რაღაცას არა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მთლიანობაში, დაგვრჩა ეს განცდა და გამოვიტანეთ დასკვნა, რომ თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ იყო მიზანშეწონილი. ეს არის ჯანსაღი დისკუსიის შედეგი. ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ორი საათი ჰქონდათ იმისთვის, რომ წარმოედგინათ არგუმენტები, არც ერთი არგუმენტი არ ყოფილა, მთლიანობაში, ამ ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით. ჩვენ წარვადგინეთ მარტივი პრინციპი: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი და არგუმენტით წარვადგინეთ, რომ გვაქვს მწირი რესურსები და ეს მწირი რესურსები საჭიროებს ოპტიმალურ გამოყენებას. არ შეიძლება, 64 ფეხბურთის გუნდი გყავდეს, როდესაც სულ გყავს 15 საშუალო ან მაღალი დონის ფეხბურთელი. არ შეიძლება, 64 გუნდით გამოხვიდე, ასეთ შემთხვევაში, ვერც ერთ თამაშს ვერ მოიგებ საერთაშორისო ტურნირებზე. მწირ რესურსებს სჭირდება ოპტიმალური გამოყენება. მე დღემდე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, არც საჯარო სივრცეში, არც გუშინწინდელ დებატებზე იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლება, გამოიყენო არაოპტიმალურად ძალიან მწირი რესურსები. წარმოადგინონ არგუმენტები, ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც იყო ყალბი კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ასეთივე ყალბია კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ შემოვა 6.6 მლრდ დოლარი.
„იყო ყალბი კამპანიები, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კეთდებოდა ვიდეოები, თითქოს არალეგალ თუ ლეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით და ა.შ. იყო მიზანმიმართული კამპანია. საბოლოო ჯამში, იმ სტატისტიკამ, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, მათ შორის, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. თვითონაც აღიარეს, რომ ეს კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით იყო სრული ტყუილი. პირდაპირ არ უღიარებიათ, თუმცა ირიბად გადაიტანეს აქცენტები ახლა უკვე იმაზე, რომ თითქოს 6.6 მლრდ დოლარის ინვესტიცია არის არარეალური. როგორც იყო ყალბი კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ასეთივე ყალბია კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ შემოვა 6.6 მლრდ დოლარი. ეს ინვესტიცია განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ეკონომიკური კუთხით დამატებით 11 მლრდ ლარს და სახელმწიფო ბიუჯეტს შემდეგი 10 წლის განმავლობაში, საშუალოდ წელიწადში, 700 მლნ ლარს. შესაბამისად, ეს არის უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა შეკითხვა ინტერპელაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მზად არის, უფრო მეტი დეტალის შესახებ გაუზიაროს ინფორმაცია პარლამენტის წევრებს.
„მიგრაციის თემით დაინტერესდა პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობაც. მზად ვარ, კიდევ უფრო მეტი დეტალის შესახებ გავუზიარო ინფორმაცია პარლამენტის წევრებს და რა თქმა უნდა, მომზადებული მივალთ საქართველოს პარლამენტში”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოვიდა სათავეში ახალი ხელმძღვანელობა ნათია თურნავასა და ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი შემადგენლობის სახით, ძალიან დიდი წარმატებით მუშაობს.
„რეკორდულ ნიშნულზეა ჩვენი სავალუტო რეზერვები. მარტო ბოლო თვეში, იანვრის განმავლობაში 141 მილიონი დოლარით შეივსო ჩვენი სავალუტო რეზერვები. იცით, რომ ძალიან მყარია ლარის კურსი, ინფლაციური პროცესები სწორად რეგულირდება. ჩვენ შარშან გვქონდა 4 პროცენტი ინფლაცია, შარშანწინ გვქონდა 1,9 პროცენტი ინფლაცია, საშუალო მაჩვენებელი იყო 3 პროცენტზე ნაკლები, რაც არის ზღვრის ფარგლებში. მე ზოგადად ვაფასებ ეროვნული ბანკის საქმიანობას ყველა მიმართულებით, როგორც რეზერვების მიმართულებით, ასევე ლარის კურსის მიმართულებით, ზოგადად მონეტარული, ფისკალური პოლიტიკის კუთხით, ეროვნული ბანკის საქმიანობა არის ძალიან წარმატებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
