ეს არის ძალიან მაღალბიუჯეტიანი და ძალიან რთული საკითხი - გაბისონია სკოლებში "უფასო კვებაზე"

"ჩემი ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ეს არის ძალიან მაღალბიუჯეტიანი და ძალიან რთული საკითხი", - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის სოფიო ხორგუანის კითხვას, რომელიც სკოლებში უფასო კვების დანერგვას ეხებოდა.

კერძოდ, ხორგუანი დაინტერესდა რა ეპატზეა ეს დაპირება და აპირებს თუ არა მთავრობა რომელიმე რეგიონში საპილოტედ ამ პროექტის დაწყებას.

"უფასო კვებასთან დაკავშირებით, ჩემი ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ეს არის ძალიან მაღალბიუჯეტიანი და ძალიან რთული საკითხი. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით სამინისტროს წლების განმავლობაში რამდენჯერმე ჰქონია ინიციატივა. საკითხი ძალიან რთულია არა მხოლოდ ფინანსური კუთხით, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, რადგან ბავშვებს ეხება და ამიტომ მრავალი პარამეტრის მაქსიმალურად გათვალისწინებაა საჭირო.

ჩვენ ეს საკითხი მოვინიშნეთ და მაქსიმალურად ვეცდები, დამატებითი ინფორმაცია მოვიძიო, მათ შორის რამდენად შესაძლებელია ექსპერიმენტის სახით სხვადასხვა სკოლაში შერჩევით დანერგვაზე ფიქრი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ფაქტორი იქნება გასათვალისწინებელი, ამიტომ ამ ეტაპზე მიჭირს კონკრეტული პასუხის გაცემა", - ამბობს გაბისონია.