სასკოლო სახელმძღვანელოებზე მუშაობა 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება - მინისტრი

განათლების მინისტრის გივი მიქანაძის თქმით, სასკოლო სახელმძღვანელოებზე მუშაობა 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება.

მისი თქმით, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ერთ კლასში, ერთ საგანში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო.

როგორც აქამდეც იყო ცნობილი, სასკოლო სახელმძღვანელოებზე ამიერიდან იმუშავებს თავად განათლების სამინისტრო და თითოეულ საგანში მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იქნება.

ცნობისთვის, "ოცნების" მთავრობამ განათლების რეფორმის კონცეფცია რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში, დაწყებით საფეხურზე – I–VI კლასებში – სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმა და სკოლებში შემუშავდება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესი, რომელიც უზრუნველყოფს სწავლაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს.

ასევე, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, პირველკლასელთა ასაკი განისაზღვრება 6 წლით, რაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ცვლილება ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

ახალი კონცეფციის თანახმადვე, სრული ზოგადი განათლება მოიცავს 11 წელს, სისტემაში შენარჩუნდება მე-12 კლასის შესაძლებლობა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ დამატებითი აკადემიური მზაობის განმტკიცებას წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ზოგადი განათლების საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად: 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხური – I-VI კლასები, საბაზო საფეხური – VII- IX კლასები, ხოლო საშუალო საფეხური – X-XI კლასები 2027-2028 წლიდან. ამავე სასწავლო წლიდან, მე-11 კლასში იქნება უზრუნველყოფილი სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის.