თავის დროზე ევროპული ბიუროკრატია გამოირჩეოდა საგანგებო განცხადებებით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არაფერს ამბობდნენ იმ ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც წინ უსწრებდა ამ მოვლენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის ფედერალური საემიგრაციო ოფიცრების მიერ ორი პირის მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის თქმით, ყველგან არის ორმაგი სტანდარტები.
„გახსოვთ, რომ თავის დროზე ევროპული ბიუროკრატია გამოირჩეოდა საგანგებო განცხადებებით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. არაფერს ამბობდნენ იმ ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც წინ უსწრებდა ამ მოვლენებს და გახსოვთ, რომ უსამართლოდ ადანაშაულებდნენ ჩვენს სამართალდამცავებს კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. ეს არის, რაც გვახსოვს ჩვენ ევროპული ბიუროკრატიისგან. ყველგან არის ორმაგი სტანდარტები. ეს არის ზოგადი კომენტარი, რაც შემიძლია გავაკეთო“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ლორა თორნტონი პრეზიდენტ ტრამპს უკიდურესი ფორმით აყენებდა შეურაცხყოფას და ასეთ ადამიანს უსმენს ახლა ჰელსინკის კომისია.
„ძალიან კარგად იცით, როგორია ამ ორი ადამიანის რეპუტაცია, როდესაც ამ ორ ადამიანს უსმენს ჰელსინკის კომისია, ეს თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. გახსოვთ, მათ შორის, ქალბატონი ლორა თორნტონის განცხადებები პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით, უკიდურესი ფორმით აყენებდა შეურაცხყოფას აშშ-ის პრეზიდენტს და ასეთ ადამიანს უსმენს ახლა ჰელსინკის კომისია. ეს, თავისთავად, ყველაფერზე მეტყველებს, ბუნებრივია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მიზანი სწორედ ხელის შეშლაა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის.
„დადებით მიზნებს რომ არ ემსახურება ეს თავისთავად ფაქტია. ვხედავთ, რომ დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანი არის დაბარებული ჰელსინკის კომისიაში. ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას. მე ვფიქრობ, რომ მიზანია სწორედ ხელის შეშლა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ვიზიტი ეძღვნება კონკრეტულად ე.წ. „ტრიპის“ მარშრუტს, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ვიზიტის ადრესატი არის სწორედ 2 ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
პრემიერის თქმით, ვიზიტი კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება.
„ჩვენი ინფორმაციით, კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება ეს ვიზიტი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი ჩადის სწორედ აზერბაიჯანსა და სომხეთში“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა კითხვას, რატომ არ ხვდება საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ამერიკული მხარის გადასაწყვეტია.
„თქვენ იცით, როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი. ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე, ეს კონტექსტი შექმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ. ვნახოთ, ჩვენ მოთმინებით ველოდებით. საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით. ველოდებით ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, სანქციები არის სამარცხვინო.
„ეს სანქციები არის სამარცხვინო და თავად ეს სანქცია, რომელიც დაწესებულია ამ ღირსეული ადამიანის მიმართ, თავისთავად არის ადამიანის უფლებების დარღვევა, აქედან გამომდინარე, სანდრო დარახველიძეს ძალიან თამამად შეუძლია ისაუბროს ევროპელ ბიუროკრატებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, - განაცხადა პრემიერმა.
