ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვფიქრობთ, რომ ფასების შემცირებისთვის არის სივრცე - ირაკლი კობახიძე

ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ვფიქრობთ, რომ არის სივრცე ფასების შემცირებისთვის, მაღალი ფასნამატიდან გამომდინარე. ჩვენთვის მთავარია, დავადგინოთ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, ხომ არ არსებობს არასწორი პრაქტიკები დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ რეალიზაციის დონეზე, მაგალითად, როგორიც არის კარტელური გარიგებები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

პრემიერის თქმით, მთავრობა მიმართავს ყველა ზომას იმისათვის, რომ ფასები შემცირდეს.

„ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა პირველადი კვლევა და დავადგინეთ, რომ ფასნამატი არის ძალიან მაღალი - 86%, როგორც დისტრიბუტორების, ისე ქსელური მარკეტების დონეზე. ეს საბოლოო ჯამში, იწვევს იმას, რომ ევროპულ და ქართულ ფასებს შორის არის საკმაოდ სერიოზული სხვაობა. სხვადასხვა პროდუქტის შემთხვევაში ეს სხვაობა ზოგჯერ ორმაგია, ზოგჯერ სამმაგიც კი. 2006 წელს, როდესაც გერმანიიდან დავბრუნდი, იგივე პროდუქტებს, რასაც ვყიდულობდი გერმანიაში, საქართველოში აღარ ვყიდულობდი, იმიტომ, რომ ხშირად ორმაგი იყო სხვაობა ფასებს შორის. 20 წლის წინ ქვეყანაში ეს პრობლემა არსებობდა. ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს და მას სჭირდება გადაჭრა. ჩვენ მთავარია, სწორად ჩავეძიოთ თითოეულ საკითხს და ფასნამატის ჯაჭვი ზედმიწევნით შევისწავლოთ. ამისათვის უკვე დაწყებული გვაქვს შეხვედრები. გვქონდა შეხვედრა ქსელების წარმომადგენლებთან, ხვალ გვექნება შეხვედრა დისტრიბუტორებთან, ასევე ორშაბათს გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა ქართველ მწარმოებლებთან, ასევე შევხვდებით ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ მედიკამენტებზე ფასების შესწავლაც არის ჩვენი კომისიის ერთ-ერთი მანდატი. ბოლო შეხვედრა უკვე შედგება საწვავის რეალიზატორებთან. საწვავსაც მოიცავს ჩვენი საქმიანობა. სპეციფიკა მსგავსია, განსაკუთრებით მედიკამენტებსა და სურსათს შორის, საწვავის შემთხვევაშიც იგივე პრინციპია, იმპორტი, დისტრიბუცია, შემდეგ რეალიზაცია. ერთი და იგივე ტიპის ჯაჭვი მოქმედებს, ამიტომ, გავაერთიანეთ ყველა ეს საკითხი და ერთიანად უნდა შევისწავლოთ ეს ფასნამატი სამივე პროდუქტის შემთხვევაში. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ვფიქრობთ, რომ არის სივრცე ფასების შემცირებისთვის, მაღალი ფასნამატიდან გამომდინარე. ჩვენთვის მთავარია, დავადგინოთ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, ხომ არ არსებობს არასწორი პრაქტიკები დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ რეალიზაციის დონეზე, მაგალითად, როგორიც არის კარტელური გარიგებები. ერთი კონკრეტული პრეცედენტი იყო სულ ცოტა ხნის წინ - რამდენიმე მწარმოებელმა, ქართულმა კომპანიამ გადაწყვიტა და ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასები კონკრეტულ პროდუქტზე. ეს რა თქმა უნდა, ქმნის აღქმას იმისა, რომ შედგა კარტელური გარიგება. ასეთი რაღაცები უნდა ავირიდოთ თავიდან. ვფიქრობთ, რომ ამის საფუძველს მოგვცემს ის კვლევა, რომელიც ჩატარდება ამ შეხვედრების საფუძველზე, მათ შორის, მოკვლევის, გამოძიების საფუძველზე. რაც მთავარია, უნდა ვიფიქროთ შესაბამისი მექანიზმების შემოღებაზეც, რაც არის აპრობირებული პრაქტიკა სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში. ეს არის ანტიმონოპოლიური მექანიზმები და სხვა. ყველა ფორმას მივმართავთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიზნესის თავისუფლება უნდა იყოს და იქნება დაცული, მაგრამ მთავრობას აქვს სოციალური ამოცანა, რომ შეამციროს ფასები.

„კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ბიზნესის თავისუფლება უნდა იყოს და იქნება დაცული. ბიზნესის სრულად თავისუფლად მოქმედებას აქვს თავისი პლუსები - ის, რომ ქსელები ფართოვდება, დასაქმება იზრდება, ბიზნესის მოგება იზრდება, ეს საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე დადებითად აისახება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი სოციალური ამოცანა, რომ მოსახლეობის არა მხოლოდ ფართო ფენისთვის, არამედ, სრული მოცულობისთვის მივაღწიოთ ეფექტს - ეს არის ფასების შემცირება. ცალკე აღებულ ეკონომიკურ ზრდას არ აქვს ეფექტი, თუ ის არ აისახება მოსახლეობაზე, მოსახლეობის ჯიბეზე“, - განაცხადა პრემიერმა.