ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, 733.490 დოლარის ღირებულების ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა. აღნიშნული ლაბორატორიის გადაცემა, უწყებებს შორის ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, თენგიზ სისაურმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართეს.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი ლაბორატორია მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს. აღნიშნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა.
