შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს

სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.

მინისტრმა თამარ მემანიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მემანიშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის, საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობებს, იყო საქართველოს შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.

თამარ მემანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნინო წერეთელი შეცვალა.