საქართველოს ეკონომიკის და კონკრეტულად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ავიაკომპანიები, დაგვემატოს ახალი ავიარეისები, მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს დაკავშირებადობა მსოფლიოს წამყვან ავიაჰაბებთან და კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი ქვეყნის როლი როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ საავიაციო სივრცეში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი.
„ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი. სწორედ ასეთი მიდგომა გვაძლევს შესაძლებლობას, მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯებით გავაძლიეროთ ქვეყნის როლი საერთაშორისო ავიაციაში და უზრუნველვყოთ მდგრადი სარგებელი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა - როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ისე სახელმწიფო უწყებებს და თითოეულ პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ საქართველოს ავიაციის განვითარებისთვის.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს, მადლობა მინდა გადავუხადო მის გუნდს. მადლობა მინისტრს, რომელიც წარმატებით უძღვებოდა მოლაპარაკებებს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და რომელმაც უზრუნველყო ახალი ხელშეკრულების გაფორმება, წინა ხელშეკრულებასთან შედარებით, რამდენჯერმე გაუმჯობესებული პირობებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
