რა იყო მთავრობის მიღწევები 2025 წელს? - ირაკლი კობახიძის განცხადებები მთავრობის სხდომაზე

ეს წელი იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის  შენარჩუნება და ეს იყო თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, წარმატებით ჩაატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის.

 

„წელს გვაქვს მთავრობის ბოლო სხდომა. შევაჯამოთ გასული ერთი წელიწადი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის  შენარჩუნება და ეს იყო თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი. ასევე წარმატებით ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის. ასევე სამწუხაროდ, ამ წელმაც არ ჩაიარა რევოლუციის მცდელობის გარეშე, თუმცა ყველამ ვნახეთ, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო სათანადოდ, ეფექტიანად და ჰუმანურად  გაუმკლავდა. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარია, რომ დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა.

„ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს ფართოდ ინფორმაცია, თუმცა, როცა ვსაუბრობთ კორუფციაზე, კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია გავიხედოთ წინ და მთავარია, რომ დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა. ზუსტად ამას ეთმობოდა თითოეული ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვაკლებთ არც მომავალში ამ საკითხს“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, არაერთი ცვლილება განხორციელდა იმისათვის, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი.

 

„მთავრობის შემადგენლობა სანახევროდ განახლდა, გუნდში გვყავს 7 ახალი მინისტრი, რომლებიც მიმდინარე წლიდან იკავებენ მინისტრების თანამდებობებს და მიმდინარე წელს თვისებრივად გაუმჯობესდა მთავრობის მუშაობის ხარისხი, მათ შორის, სწორედ, საკადრო ცვლილებების შედეგად. არაერთი ცვლილება განვახორციელეთ იმისათვის, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი. მთავრობის  უკლებლივ ყველა აქტი არის გამჭვირვალე, რაც ქმნის ძალიან კარგ პირობას იმისათვის, რომ ჩვენ თავადვე ვიზრუნოთ მუდმივად ჩვენი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაზე,“- განაცხადა პრემიერმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შსს-ს მუშაობა იყო გამორჩეული უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. 

 

„განსაკუთრებულად გამოვყოფდი სამართალდამცავ უწყებებში განხორციელებულ ცვლილებებს. საკადრო კუთხითაც პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეიცვალა ხელმძღვანელობა. გყავს ახალი ხელმძღვანელობა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, პროკურატურაში, სხვა სამართალდამცველ უწყებებში და ამან ხელი შეუწყო ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას, რაც აისახა სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მიმართულებაზე. აქ გამოვყოფდი ორგანიზებულ დანაშაულს, სადაც გვაქვს ძალიან სერიოზული შედეგები, ასევე ნარკოტიკულ დანაშაულს ცალკე გამოვყოფდი. 

 

გასული შვიდი თავის განმავლობაში გაძლიერდა ბრძოლა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ. სტატისტიკურ მონაცემებს გავიხსენებ -1955 ნარკორეალიზატორია მარტო დაკავებული. იყო უმძიმესი ვითარება და იყო საჭირო აქტიური ჩარევა იმისათვის, რომ ეს პრობლემა მაქსიმალურად მოგვეგვარებინა. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება ძალიან აქტიური მუშაობა. ასევე შსს-ს მუშაობა იყო გამორჩეული უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და აქაც მარტივი სტატისტიკა რომ გავიხსენოთ, წელს იმდენივე არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული ქვეყნიდან, რამდენიც გასული 7 წლის განმავლობაში მთლიანად აღებული. ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ეს ეხება „საქართველოს რკინიგზას“ და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს.

 

„სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. გამოვყოფდი სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც ეხება „საქართველოს რკინიგზას“ და ასევე ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს. გარდა იმისა, რომ განხორციელდა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებები, აქაც ყველგან შეიცვალა ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ მიგვეღო სერიოზული ეკონომიები სხვადასხვა მიმართულებით. ჭარბი დასაქმების პრაქტიკის ცვლილებიდან გამომდინარე ეკონომიამ შეადგინა წლიურად 56 მლნ ლარი. ეს ისევ და ისევ რკინიგზისა და ენერგეტიკის სფეროს განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, შესყიდვების და პროექტების ოპტიმიზაციის ნაწილში დანაზოგმა შეადგინა 646 მლნ ლარი.

 

„რაც შეეხება შესყიდვების და პროექტების ოპტიმიზაციას, ამ ნაწილში დანაზოგმა შეადგინა 646 მლნ ლარი. ეს თანხებიც, ბუნებრივია, მოხმარდება ამ დარგების განვითარებას და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ასევე, ენერგეტიკის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ არასწორი პრაქტიკის აღკვეთა, რომელიც იყო გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული. ეს ცვლილებები მოგვცემს ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას. ბოლო წლების შედეგები არ იყო მაინც და მაინც დამაკმაყოფილებელი და ჩვენ შეგვიძლია, თვისობრივად გავაუმჯობესოთ შედეგები ენერგეტიკის სფეროში და ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებას და აღნიშნა, რომ შესყიდვები გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე.

მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმატებული მუშაობის შედეგად, სახელმწიფომ უკვე 292 მლნ ლარის დაზოგვა შეძლო.

 

„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ მოვახერხეთ პრივატიზაციის გეგმის დიდი გადაჭარბებით შესრულება არის ის, რომ, პრაქტიკულად, ყველა ქონებრივი ობიექტი გამოდიოდა აუქციონზე და ეს აძლევდა სახელმწიფოს მაქსიმალური მოგების მიღების შესაძლებლობას პრივატიზაციის თითოეული აქტიდან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ასევე, რაც შეეხება ტენდერებს, შესყიდვებს, აქაც პრაქტიკა გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე, მათ შორის, შეიქმნა შესაბამისი ელექტრონული პლატფორმა. რა თქმა უნდა, ესეც უზრუნველყოფს კორუფციის მაქსიმალურად აღმოფხვრას და მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის მუდმივ გაუმჯობესებას.

ცალკე მინდა, გამოვყო მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობა, რომელიც იყო ძალიან წარმატებული. ეს დეპარტამენტი შეიქმნა ცოტა ხნის წინ, თუმცა მიუხედავად საქმიანობის მცირე დროისა, დეპარტამენტს აქვს უკვე ძალიან სერიოზული შედეგები, მიღწევები. კერძოდ, მთლიანობაში, დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად, სახელმწიფომ დაზოგა 292 მლნ ლარი. ეს დაიზოგა მონიტორინგისა და საკონსულტაციო საქმიანობიდან მიღებული ეკონომიის შედეგად, ასევე თვისებრივად შევამცირეთ  სპეც-წესით განხორციელებული შესყიდვების მოცულობა, რამაც მოგვცა სერიოზული ეკონომია. ასევე, უარი ითქვა მთელ რიგ დაუსაბუთებელ შესყიდვებზე, რამაც მოგვცა, ასევე, დაახლოებით, 100 მლნ ლარის ეკონომია. მთლიანობაში, დეპარტამენტის საქმიანობა იყო ძალიან წარმატებული მიმდინარე წელს და ასეთივე წარმატებით გაგრძელდება მომავალში,“- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური გუნდის განახლების მნიშვნელობას.

 

„თვისებრივად განახლდა ჩვენი გუნდი. შედეგები ეკონომიკის სფეროში გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი, მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში ქვეყნდებოდა უარყოფითი პროგნოზები. რა თქმა უნდა, ეს იყო ხელოვნურად დაგეგმილი კამპანიის შედეგი. ჩვენ წლის ბოლოსთვის ვახერხებთ შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას. 10 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა არის 7.6% და წლის ბოლოსაც  გავალთ დაახლოებით ამ მაჩვენებელზე, რაც აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის კორექტიურებულ, გაზრდილ ბრუნვასაც კი. ბუნებრივია, ეს არის ეკონომიკური გუნდის ეფექტიანი საქმიანობის შედეგი. თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისათვის.  პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა 100 მლრდ ლარს და მიაღწევს დაახლოებით 104 მლრდ ლარს.  ერთ სულ მოსახლეზე გადასცდება პირველად ასევე 10 000 დოლარს და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით გადასცდება პირველად ასევე 30 000 დოლარს.

ბუნებრივია, ეკონომიკის ზრდა მთლიანობაში აისახება ქვეყნის ეკონომიკური პოზიციების გაძლიერებაზე, ასევე თუნდაც პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაზე. რაც მთავარია, ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“, -  აღნიშნა პრემიერმა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, 100%-ზე მეტით შესრულდა ნაერთი ბიუჯეტის და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი.

 

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. საგარეო ვალი შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტის 34%-მდე. მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წლისთვის საგარეო ვალმა მიაღწია მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს, გადააჭარბა 60%-ს და გვაქვს მუდმივი კლება. ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი და ეკონომიკური გუნდის ძალიან ეფექტიანი საქმიანობის შედეგი.

ასევე, მიუხედავად საწყისი უარყოფითი პროგნოზებისა, ჩვენ შევძელით ლარის კურსის სტაბილურად შენარჩუნება და სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ჩვენი სავალუტო რეზერვები გადააჭარბებს 6 მლრდ დოლარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო განათლების სისტემის რეფორმას და აღნიშნა, რომ სრული კონცენტრაციით მუშაობაა საჭირო აღნიშნული რეფორმის განსახორციელებლად, ვინაიდან, განათლების გარეშე ვერც ერთი მიღწევა ვერ იქნება მდგრადი.

 

„ყველაზე მეტად გამოვყოფდი განათლების რეფორმას. საუბარია როგორც უმაღლესი განათლების, ისე ზოგადი განათლების სისტემის რეფორმაზე. შევიმუშავეთ კონცეფციები და ამ კონცეფციების განხორციელებას აქვს მნიშვნელობა უკლებლივ ყველა დარგისა და, ზოგადად, ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. განათლების გარეშე ვერც ერთი მიღწევა ვერ იქნება მდგრადი. შესაბამისად, სრული კონცენტრაციით უნდა ვიმუშაოთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით განათლების რეფორმის განხორციელებაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სფეროში ბევრი მიმართულებით იყო ჩამოყალიბებული არასწორი პრაქტიკა, რაც თავიდან ბოლომდე გადაისინჯა, მთლიანად შეიცვალა და მთლიანად გაიხსნა სისტემა კეთილსინდისიერი კომპანიებისთვის.

 

„ბუნებრივია, ეს გადადგმული ნაბიჯები უზრუნველყოფს შესრულებული პროექტების ხარისხის გაუმჯობესებას და ასევე ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესებას. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი შედეგები იქნება კიდევ უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე იყო წინა წლების განმავლობაში. ძალიან კონკრეტული გეგმა აქვს დასახული ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეს ეხება გზების მშენებლობას, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, წყალმომარაგებას, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ყველა მიმართულებით მაქსიმალური ხარისხით და მაქსიმალური ხარჯეფექტიანობით უნდა განხორციელდეს ყველა პროექტი. ის სამუშაოები, რომელიც შესრულდა ამ მიმართულებით მიმდინარე წლის განმავლობაში, ქმნის საუკეთესო საფუძველს ამისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი შრომისთვის.

 

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ მინისტრს, ასევე თქვენს მოადგილეებს, მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასევე, თქვენს მოადგილეებს, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს. ის მიღწევები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომის და კეთილსინდისიერი საქმიანობის შედეგია. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო უკლებლივ ყველა საჯარო მოსამსახურეს. ყველას, ვინც დგას სახელმწიფო სამსახურში. მადლობა ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სისტემის თანამშრომლებს. სწორედ ამ ადამიანების შრომაზე და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება დღემდე და ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარება. მინდა ყველას გისურვოთ ბედნიერი და წარმატებული 2026 წელი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი იქნება წარმატებული ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. მინდა გისურვოთ ყველას ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატებები 2026 წელს“, - განაცხადა პრემიერმა.