30 დეკემბრიდან უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი შედის ძალაში. ევროკავშირმა 2025 წლის ნოემბერში დაამტკიცა სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ახალი წესები ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობენ. ასეთი 61 ქვეყანაა და მათ მათ შორის არის საქართველოც. ახალი წესებით, რომელიც 30 დეკემბერს შევა ძალაში, უვიზო მიმოსვლის შეჩერება მარტივდება.
19 დეკემბერს გამოქვეყნებულ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის მე-8 ანგარიშში ევროკომისია საქართველოზე წერს, რომ შეშფოთებულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევით და არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას მიიღოს მყისიერი ზომები პრობლემების აღმოსაფხვრელად და შეასრულოს კომისიის რეკომენდაციები.
"უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს განახლებული ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა. ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც პირველ რიგში პასუხისმგებელნი არიან კომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო ზომების მიუღებლობაზე. ახალი წესები უზრუნველყოფს შეჩერების წესის ერთგვაროვან გავრცელებას ყველა წევრ სახელმწიფოზე. როგორც კი ამ ჯგუფებისთვის ვიზების მოთხოვნა ევროკავშირის დონეზე ხელახლა დაწესდება. მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები საქართველოს ხელისუფლების მიერ არ იქნება აღმოფხვრილი, შეჩერება შესაძლოა გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე. საბოლოოდ, საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს ვიზალიბერალიზაციის სტატუსი და გადავიდეს ევროკავშირის იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა ესაჭიროებათ", - წერია დოკუმენტში.
ახალი მექანიზმი ევროკომისიას შესაძლებლობას აძლევს უსაფრთხოების საფრთხის არსებობის პირობებში ხელახლა დაუწესოს ქვეყანას სავიზო მოთხოვნა თავდაპირველად დროებით სანამ გამოძიება და დიალოგი მიმდინარეობს, შემდეგ კი უვადოდ თუ პრობლემა არ აღმოიფხვრება. შეჩერების მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს შიდა უსაფრთხოების საკითხები, მაგალითად გაზრდილი კრიმინალური შემთხვევები ამ ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, ან ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი ზრდა.
შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ახალი საფუძვლებია:
ჰიბრიდული საფრთხეები (როგორიც არის მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია);
ინვესტორთა მოქალაქეობის სქემები (ან „ოქროს პასპორტები“);
ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა;
გაეროს ქარტიის, საერთაშორისო ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები;
საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა;
უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების ვადა 9-დან 12 თვემდე იზრდება და შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 24 თვით (ნაცვლად დღეს მოქმედი 18 თვისა). ამ ეტაპზე 61 ქვეყნის მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ მოგზაურობა.
