მძიმე ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, ასეთი ადამიანები დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას და უფრო მეტიც, ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და მათ სურთ, გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში, ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს ხელისულებაში სადიზმის დაბრუნებას.
„ჩვენთვის პრიორიტეტია ზოგადად, კანონის აღსრულება, ჩვენ ვსაუბრობდით სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულზე, რომელთა მიმართაც სახელმწიფო უნდა იყოს უკომპრომისო და ერთ-ერთი ასეთი არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. 4 ოქტომბერს დაიგეგმა მძიმე დანაშაული. ეს იყო ხელისულების დამხობის მცდელობა. ამ დანაშაულში ჩართული იყო მრავალი პირი, მათ შორის, იყვნენ კონკრეტული ორგანიზატორები და როგორც დღეს დამატებით დაზუსტდა, ორგანიზებაში მონაწილეობდა ყოფილი მაღალჩინოსანი, ბაჩო ახალაია. დანრჩენს დააზუსტებს გამოძება. მძიმე ფაქტია ის, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში და იცით, რაც ხდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში, ამ გამოძიებიდან ირკვევა, რომ ასეთი ადამიანები დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას და უფრო მეტიც, ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და მათ სურთ, გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ეს ყველაფერი. ამას აქვს მათ შორის, პრევენციული მიზანი - ამ ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს ხელისულებაში სადიზმის დაბრუნებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღსრულდეს კანონი და დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება.
დამხობის აქტის მცდელობა განხორციელდა 4 ოქტომბერს და ამ აქტს შეუერთდა ათასობით ადამიანი. კონკრეტული პარტიები, სამი პოლიტიკური პარტია იმ ოთხიდან, რომელმაც გადალახა ბარიერი, ღიად უცხადებდა მხარდაჭერას 4 ოქტომბრის აქციას, ყოფილი პრეზიდენტი და ა.შ. დაანონსდა დამხობის აქტი, დამხობის მცდელობა, ამას შეუერთდა ათასობით ადამიანი. ხოლო მას შემდეგ, რაც ჩავარდა ეს მცდელობა, კონკრეტული ადამიანები გაემიჯნენ მას, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა. ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ ვინ სად გაიქცეოდა და ა.შ. ეს დღეს ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ 4 ოქტომბრამდე ხალხი იყო საკმაოდ აღელვებული ამ ყველაფრის გამო, რადგან იმდენად ხმამაღალი განცხადებები კეთდებოდა ხელისუფლების დამხობასთან, ცვლილებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლების გაქცევასთან დაკავშირებით, რომ ბევრმა სერიოზულად მიიღო ეს, როგორც ოპოზიციაში, ასევე ოპოზიციის მიღმა. საბოლოო ჯამში ჩვენმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად და ეფექტიანად, ამან მოგვცა მარტივად ამ გამოწვევის დაძლევის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლებოდა ეს პროცესები განვითარებულიყო ბევრად უფრო რთულად, დაახლოებით ისე, როგორც განვითარდა მსგავსი პროცესები მაგალითად, შარშან ნოემბერ-დეკემბერში“, - განაცხადა პრემიერმა.
