გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა - ის თავს დამნაშავედ არ ცნობს

სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი ამბობს, რომ ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

როგორც ადვოკატმა მედიასთან ზაჰესის იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა, ლილუაშვილს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე.

"ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშავედ არ ცნობს. დავიწყოთ იქიდან, რომ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად, ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ საკითხებზე ესაუბრა და გამოძიებისათვის ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა, თუმცა დაგვხვდა სხვა რეალობა. ამ რეალობიდან გამომდინარე, რადგან პირდაპირ დევნა იქნა მის მიმართ დაწყებული, ვისარგებლებთ კანონით გათვალისწინებული უფლებებით, გავეცნობით სისხლის სამართლის მასალებს. შემდეგ, გვაქვს პოზიცია, რომ გამოძიებას მივცეთ სწორი, ზუსტი ჩვენება, ყველა იმ ფაქტზე, რასაც პროკურატურა ედავება. ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადმოგვცემია, მხოლოდ ბრალდების წაყენება მოხდა. რომ გადმოგვეცემა და შევისწავლით, გვექნება ჩვენი მოსაზრება.

ბატონ გრიგოლს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე. დავაყენებთ შუამდგომლობას მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ“,- განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.

დღეს, 23 დეკემბერს, პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავა. მას ბრალად ედება ქრთამის აღება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. ლილუაშვილს ბრალი სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით ედება, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.