გახსოვთ ომის დაწყების საწყისი ეტაპი, როცა ყველაფერი ახლოს იყო სამშვიდობო მოლაპარაკებასთან და დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, არახამიამ გათქვა, რომ ბორის ჯონსონმა უკრაინაში ვიზიტისას კატეგორიულად მოსთხოვა მათ, არ დათანხმებოდნენ სამშვიდობო ხელშეკრულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა ყაველაშვილს კითხვა დაუსვეს გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ 2016-დან 2022 წლამდე ესწრებოდა ნატო-ს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას და არასდროს ყოფილა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი.
ყაველაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები გასაკვირი არ არის.
„მხედველობაში მაქვს საქართველოს ხელისუფლება და ის ადამიანები, ვინც ენდობოდნენ საქართველოს ხელისუფლებას, გვერდში დაუდგნენ. ჩვენ ხომ ვსაუბრობდით, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი, ზურგს უკან ისინი მოქმედებენ სხვანაირად. ჩვენთან მიმართებითაც, კულუარულად, ჩვენ იძულებული ვიყავით, ინფორმაციები ზედაპირზე გამოგვეტანა და ჩვენი საზოგადოებისთვის გვეთქვა სიმართლე, რას ითხოვდნენ ჩვენგან. ანალოგიური მოთხოვნა იყო უკრაინასთან მიმართებითაც“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ერთია, რასაც საჯაროდ აცხადებენ და მეორეა – რას ითხოვენ კულუარულად.
„ნიშანდობლივია, რომ ეს ყველაფერი ზედაპირზე ამოიტანა ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ და ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტების, სახელმწიფო მდივნის საშუალებით დაიწყეს პირდაპირ საუბარი. გაიხსენეთ ჩვენი დამოკიდებულება და ბრძოლა არასამთავრობო ორგანიზაციებთან – გამჭვირვალობის კანონი, USAID-I, NED-ი. ეს ყველაფერი ზედაპირზე ამოვიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, პირდაპირი მნიშვნელობით, დაადანაშაულა და გააუქმა ეს ორგანიზაციები. ეს ხომ ჩვენ თვალწინ მოხდა. როგორი ზეწოლა გადაიტანა მთელმა საზოგადოებამ, სამწუხაროდ, ამაში მონაწილეობდნენ მათ მიერ დაქირავებული ჩვენი მოქალაქეები. დღესაც ეს მილევადი პროცესია. ისინი კიდევ ასრულებენ ამდაგვარი ორგანიზაციების დაკვეთას. ეს არის ყველასთვის ნათელი მაგალითი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გასულ კვირას ბერგენის უნივერსიტეტში, ჰოლბერგის დებატების დროს განაცხადა: „მე ვესწრებოდი პრაქტიკულად ნატო-ს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას 2016-დან 2022 წლამდე და არასდროს ყოფილა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი, რადგან ნებისმიერი მსგავსი შეთავაზება დაუყოვნებლივ გამოიწვევდა საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის და მრავალი სხვა სახელმწიფოს ვეტოს“.
