მალტაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნა

მალტის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ აბელამ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა და ის 30 მაისს ჩატარდება. აბელამ საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის რეკომენდაციით პრეზიდენტ მირიამ სპიტერი დებონოს უკვე მიმართა.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრა მთავრობის მეთაურის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ცხრა თვით ადრე გაიმართება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ქვეყანას წინსვლისთვის განახლებული მანდატი და სტაბილურობა სჭირდება.

მმართველი „ლეიბორისტული პარტია“ წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმზე უკვე გადავიდა. რობერტ აბელა მოსახლეობას ქვეყნის მომავლისთვის ამბიციური და მდგრადი გეგმების შესრულებას ჰპირდება.

არჩევნებისთვის მზადყოფნა გამოთქვა ოპოზიციური „ნაციონალისტური პარტიის“ ლიდერმა, ალექს ბორგმაც, რომლის გუნდის წევრიც ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაა.

ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, აბელას გუნდი ოპოზიციას მცირე უპირატესობით უსწრებს.

შეგახსენებთ, რობერტ აბელა პრემიერ-მინისტრის პოსტს 2020 წლიდან იკავებდა. რაც შეეხება მმართველ „ლეიბორისტულ პარტიას“, ის ქვეყნის სათავეში 2013 წელს მოვიდა და ძალაუფლებას მას შემდეგ უცვლელად ინარჩუნებს.