საფრანგეთის პროკურატურამ ილონ მასკი გამოკითხვაზე დაიბარა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 52
პარიზის პროკურატურის კიბერდანაშაულის განყოფილებამ სოციალური პლატფორმა X-ის მფლობელი, ილონ მასკი და კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ლინდა იაკარინო ნებაყოფლობით გასაუბრებაზე, ანუ გამოკითხვაზე დაიბარა.
გამოძიება პლატფორმაზე არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ყალბი, სექსუალური ხასიათის გამოსახულებების გავრცელებას უკავშირდება. ფრანგული მხარე ეჭვობს, რომ X-ის ბაზაზე არსებული AI სისტემის, Grok-ის გარშემო ატეხილი სკანდალი შესაძლოა ხელოვნურად ყოფილიყო ინსპირირებული მასკის კუთვნილი კომპანიების საბაზრო ღირებულების გასაზრდელად.
გამოძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა Grok-ის მიერ გავრცელებულ პოსტებს, რომლებიც ჰოლოკოსტის უარყოფას შეიცავდა, რაც საფრანგეთში სისხლის სამართლის დანაშაულია. პროკურატურა ასევე სწავლობს პლატფორმის ალგორითმების შესაძლო მანიპულაციასა და იმპულსური მონაცემების დამუშავების სისტემის ხარვეზებს. არსებული ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლებამ აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და ფასიანი ქაღალდების კომისიასაც მიმართა, თუმცა ამერიკულმა მხარემ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და პროცესს ბიზნესსაქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებული ჩარევა უწოდა.
ამ ეტაპზე უცნობია, გამოცხადდებიან თუ არა ილონ მასკი და ლინდა იაკარინო პარიზში, თუმცა პროკურატურაში განმარტავენ, რომ მათი გამოუცხადებლობა გამოძიების გაგრძელებას ხელს არ შეუშლის. პარალელურად, მიმდინარე კვირის განმავლობაში მოწმის სტატუსით პლატფორმის სხვა თანამშრომლების დაკითხვაც იგეგმება. ფრანგი სამართალდამცველების მიზანია დაადგინონ, რამდენად შეესაბამება X-ის საქმიანობა ქვეყნის კანონმდებლობას და რა ზომებს მიმართავს ადმინისტრაცია უკანონო კონტენტის აღსაკვეთად.
No article in the selected categories
