უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება

უნგრეთში დღეს, 12 აპრილს საპარლამენტო არჩევნები იმართება.

კენჭისყრაში ხუთი პარტია მონაწილეობს, თუმცა ძირითადი კონკურენტები არიან მმართველი პარტია „ფიდესი“ და ოპოზიციური „ტისა“.

არჩევნები შერეული სისტემით ტარდება — ამომრჩეველი ერთდროულად აძლევს ხმას კონკრეტულ კანდიდატს და პარტიულ სიას. 199 საპარლამენტო მანდატიდან 106 მანდატი ოლქებში ნაწილდება მარტივი უმრავლესობით, დანარჩენი 93 კი — პროპორციულად. პარლამენტში მოხვედრისთვის პარტიას 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა სჭირდება. მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა – 100, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 133 მანდატი.

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დასრულდება. პირველი შედეგები კი უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. არჩევნებს ეუთო-ს 200-კაციანი სადამკვირვებლო მისია აკვირდება.