ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით გამოდის
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 53
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობას ლიბანთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყება დაავალა.
როგორც ირკვევა, პროცესის მთავარი პირობა დაჯგუფება "ჰეზბოლას" განიარაღება და ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება იქნება.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ლიბანის მხრიდან დიალოგის დაწყების შესახებ გაჟღერებულ არაერთგვაროვან, თუმცა გამუდმებულ მოთხოვნებს ეფუძნება.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერის განცხადებას წინ უსწრებდა ლიბანის პრეზიდენტის, ჟოზეფ აუნის გამოსვლა, რომელშიც მან არსებული კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად ცეცხლის შეწყვეტა და პირდაპირი მოლაპარაკებები დაასახელა. აუნის თქმით, ლიბანური მხარე ამჟამად ვითარებიის დეესკალაციას დიპლომატიური გზებით ცდილობს და საპასუხო იერიშებზე უარს აცხადებს. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ბეირუთის ამ პოზიციას საერთაშორისო აქტორები პოზიტიურად აფასებენ.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პრეზიდენიტს გამოსვლების მიუხედავად, ლიბანის მთავრობას ნეთანიაჰუს ბოლო ინიციატივაზე პასუხი ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუბრუნებია.
შეგახსენებთ, ორ მეზობელ ქვეყანას შორის ვითარება მიმდინარე წლის 2 მარტს მას შემდეგ გამწვავდა, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა "ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა და მას ომი გამოუცხადა. თავის მხრივ, ისრაელმა საპასუხო იერიშები დაიწყო. ლიბანის ხელისუფლების მონაცემებით, კონფლიქტის განახლების ერთი თვის თავზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად 1,700-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. Reuters-ის ინფორმაციით, შეტაკებების დროს "ჰეზბოლას" მინიმუმ 400 მებრძოლია ლიკვიდირებული.
No article in the selected categories
