NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 115
NASA-მ მისია Artemis 2 ოფიციალურად დაიწყო — ეკიპაჟი მთვარის მიმართულებით უკვე გაიგზავნა. ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია, რადგან დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე ადამიანის დასაბრუნებლად პირველი რეალური ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ამ ისტორიულ მისიაში ოთხი ასტრონავტი მონაწილეობს: მეთაური რიდ ვაისმენი, პილოტი ვიქტორ გლოვერი და მისიის სპეციალისტები — კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი.
ამბიციური მისია ჯამში ათ დღეს გაგრძელდება. საწყის ეტაპზე კოსმოსური აპარატი სამიზნე ორბიტას მიაღწევს. საგულისხმოა, რომ ფრენის ტრაექტორია სპეციალური გათვლებითაა შერჩეული — ეს კეთდება იმისთვის, რომ რაიმე ტიპის ხარვეზის შემთხვევაში, ასტრონავტებმა დედამიწაზე დაბრუნება მარტივად შეძლონ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ეკიპაჟი ორბიტაზე მომდევნო დღემდე დარჩება.
პირველი ორი დღე მთლიანად ტექნიკურ შემოწმებას დაეთმობა. ასტრონავტები სხვადასხვა კომპონენტებს დააკვირდებიან — ისინი პრაქტიკულად გამოცდიან როგორც ხელით მართვის სისტემას, ისე კომუნიკაციის საშუალებებს. მას შემდეგ, რაც სისტემების გამართულობა სრულად დადასტურდება, რაკეტის მეორე საფეხური ძრავებს ხელმეორედ აამუშავებს. სწორედ ამ მომენტში ხომალდი Orion მთვარისკენ აიღებს გეზს, რაკეტის საფეხური კი მას ჩამოცილება.
მესამედან მეხუთე დღემდე პერიოდი უშუალოდ მგზავრობისთვისაა განკუთვნილი — ეკიპაჟმა 362 000 კილომეტრიანი დისტანცია უნდა დაფაროს. მასშტაბის აღსაქმელად უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) დედამიწიდან სულ რაღაც 402 კილომეტრის დაშორებით მოძრაობს. ამ გრძელი გზის განმავლობაშიც ასტრონავტები სხვადასხვა ტექნოლოგიურ ტესტირებებს გააგრძელებენ.
მისიის მეექვსე დღეს Orion უკვე მთვარის ორბიტაზე იქნება და მას ერთ წრეს შემოუვლის. ამ მანევრის დროს ხომალდი მთვარის ე.წ. „შორეულ მხარეს“ მოხვდება. მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში პლანეტასთან კავშირი სრულად გაწყდება. ეს ბუნებრივი მოვლენაა, რადგან აღნიშნული ნახევარსფერო დედამიწის მიმართ მუდმივად „ზურგშექცევითაა“ და პირდაპირი სიგნალის გავრცელებას თავად მთვარის მასა უშლის ხელს.
მეშვიდედან მეცხრე დღემდე Orion დედამიწისა და მთვარის გრავიტაციულ ძალებს გამოიყენებს, რათა შინ დასაბრუნებელ ტრაექტორიაზე გადაინაცვლოს. მისიის ფინალურ, მეათე დღეს ხომალდი პლანეტის ატმოსფეროში უდიდესი სიჩქარით შემოვა — ამ კრიტიკული მომენტისთვის ის გაუმჯობესებული თბოდამცავი ფარითაა აღჭურვილი. ეკიპაჟი წყნარ ოკეანეში სპეციალური პარაშუტების დახმარებით დაეშვება, საიდანაც მათ აშშ-ის საზღვაო ძალების წარმომადგენლები უსაფრთხოდ გამოიყვანენ.
საინტერესოა ეკიპაჟის შემადგენლობაც: ვიქტორ გლოვერი პირველი ფერადკანიანი ასტრონავტია, რომელიც მთვარის ორბიტაზე გავა, ხოლო კრისტინა კოხი — პირველი ქალი. მათთან ერთად არიან გამოცდილი მეთაური რიდ ვაისმენი და კანადელი ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი.
ხაზგასასმელია, რომ Artemis 2-ის წევრები მთვარის ზედაპირზე არ დაეშვებიან — მათი მიზანი მხოლოდ თანამგზავრის გარშემო შემოვლაა. ისტორიული მომენტი, როდესაც ადამიანი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ მთვარეზე ისევ დადგამს ფეხს, მისია Artemis 4-ის დროს შედგება, რომელიც 2028 წლისთვისაა დაგეგმილი. ამჟამინდელი გაფრენა კი სწორედ ამ გრანდიოზული დაბრუნების მთავარი მოსამზადებელი ეტაპია.
No article in the selected categories
