აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებები დღეს, ომანში გაიმართება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 43
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის დიპლომატიური დელეგაციები დღეს ერთმანეთს ომანში შეხვდებიან.
მხარეებს შორის მოლაპარაკების თემა თეირანის ბირთვული პროგრამა, ბალისტიკური და სხვა მძლავრი რაკეტების რაოდენობა და ირანის რეგიონული არასახელმწიფო მოკავშირეების, იგივე ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერის გაგრძელება იქნება.
ამერიკული მხარე მოელის, რომ ირანს ატომური იარაღის შექმნისთვის საჭირო ურანის გამდიდრების შეჩერებაზე დაითანხმებს. სანაცვლოდ, ოფიციალური თეირანი მოითხოვს, რომ ქვეყანას სანქციები მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდეს. იმის მიუხედავად, რომ არსებული დაძაბულობის დიპლომატიური გზით გადაჭრისთვის მზადყოფნას ორივე სახელმწიფო აცხადებს, მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენებას არცერთი გამორიცხავს. ამ შემთხვევაში ირანის პოზიციაა, რომ ის თავად ომს არ დაიწყებს, მაგრამ ნებისმიერ აგრესიას მკაფიო პასუხს გასცემს. ტრამპის ადმინისტრაცია კი მზადაა, ომანის ყურეში მობილიზებული სამხედრო ძალა, მათ შორის ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ი და არსენალში არსებული შეიარაღება საკუთარი მიზნის მისაღწევად გამოიყენოს.
დიპლომატიურ პროცესს ირანის მხრიდან ქვეყნის პირველი დიპლომატი, აბას არაღჩი გაუძღვება, ამერიკულ მხარეს კი პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, რომელიც პარალელურად რუსეთ-უკრაინისა და ისრაელ-ჰამასის მოლაპარაკებებშიცაა ჩართული. აღსანიშნავია, რომ ვიდრე მხარეები შეხვედრის გამართვას ომანის დედაქალაქ მუსკატში გადაწყვეტდნენ, განიხილებოდა თურქეთის ქალაქი სტამბოლი, თუმცა ირანმა ცვლილებების შეტანა მოითხოვა, რადგან სურდა დიპლომატიური პროცესი რელიგიურად მეტად ნეიტრალურ ქვეყანაში გამართულიყო. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მოლაპარაკებებში აქტიურად არიან ჩართულები რეგიონის არაბული სახელმწიფოები და თურქეთი, თუმცა უცნობია, იქნებიან თუ არა ამ ქვეყნების დიპლომატები შეხვედრაზე წარმოდგენილი, რადგან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან ერთად ირანს სურდა, მოლაპარაკება პირისპირ, მხოლოდ აშშ-ის წარმომადგენელთან გაემართათ.
No article in the selected categories
