აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი დასრულებულია, თუმცა ტერიტორიული საკითხები ჯერ არ არის გადაწყვეტილი - ზელენსკი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 57
აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი დასრულებულია, თუმცა ტერიტორიული საკითხები ჯერ არ არის გადაწყვეტილი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ მოხდება.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტერიტორიული საკითხები ჯერ არ არის გადაწყვეტილი.
„ჩვენ ვსაუბრობთ ერთ საკითხზე, რომელიც ყველაზე რთულია, რომელიც არ გადაგვიწყვეტია და მე ვფიქრობ, რომ სამმხრივ შეხვედრებზე შესაძლოა, ერთმანეთს ვარიანტები აჩვენონ, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ეხება, ყველაფერი მიწას ეხება. ეს არის საკითხი, რომელიც ჯერ არ გადაგვიწყვეტია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, სამშვიდობო პროცესში რუსეთიც და უკრაინაც უნდა წავიდნენ კომპრომისზე და მაღალი თანამდებობის პირების მომავალი სამმხრივი შეხვედრა „პოზიტიური“ ნაბიჯია.
„ჩვენ იმ მომენტში ვართ, როდესაც ვფიქრობ, რომ თუ ყველა მხარე ბევრს იმუშავებს, ამ ომს დავასრულებთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ 23-24 იანვარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სამმხრივ შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს წარმოადგენენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, კირილ ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კისლიცა, პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია და გენერალური შტაბის უფროსი, ანდრეი გნატოვი.
„ჩვენი მთელი ჯგუფი წავა. სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. იქ იქნებიან უმეროვი, ბუდანოვი, კისლიცა, არახამია. მე ვთხოვე, რომ გნატოვიკიევიდან გაფრინდეს. ეს სავალდებულოა, რადგან სამხედროები იქ აუცილებლად უნდა იმყოფებოდნენ“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, გუნდები ორი დღის განმავლობაში იმუშავებენ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების საკითხის განხილვა მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეუძლია, რადგან რუსეთთან და ბელარუსთან ერთ მაგიდასთან ჯდომას შესაძლებლად არ მიიჩნევს.
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ ტრამპისგან „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების მიწვევა მიიღო. ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „მშვიდობის საბჭო“ უნდა გახდეს ორგანო, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ცეცხლის შეწყვეტის ზედამხედველობაში.
„ჩვენ ახლა რუსეთის მტრები ვართ. ბელარუსი რუსეთის მოკავშირეა და ჩვენ არ შეგვიძლია მათთან ერთ მაგიდასთან ჯდომა“,- განაცხადა ზელენსკიმ.
No article in the selected categories
