ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან, ეს კარგი ამბავია - დონალდ ტრამპი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 122
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე პოსტით ეხმაურება ირანის სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 26 წლის აქტივისტ ერფან სოლტანს სიკვდილით აღარ დასჯიან.
"Fox News: "პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაფრთხილების შემდეგ, ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან. ასევე, სხვებსაც". ეს კარგი ამბავია. იმედია, ასე გაგრძელდება", - წერს დონალდ ტრამპი.
ირანის სასამართლოს ცნობით, ერფან სოლტანს ბრალად ედება "ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულება და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტული საქმიანობა". ისინი განმარტავენ, რომ აღნიშნული ბრალდებები, თუნდაც სასამართლომ დაადასტუროს, სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.
როგორც ცნობილი იყო, ერფან სოლტანი 14 იანვარს სიკვდილით უნდა დაესაჯათ.
14 იანვარს Sky News ოჯახის წევრზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ. თუმცა Sky News წერდა, რომ მათი ინფორმაციით, აქტივისტის ნებისმიერ დროს სიკვდილით დასჯის საფრთხე კვლავ არსებობს.
26 წლის ერფან სოლტანი გასულ ხუთშაბათს დააკავეს. ის ერთ-ერთი პირველია, რომელსაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო რეჟიმი სიკვდილით დასჯას უპირებდა.
14 იანვარს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ თქვა, რომ მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას აცნობეს, ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე მკვლელობები შეწყდა და სიკვდილით დასჯის გეგმა აღარ არსებობს.
No article in the selected categories
