Meta-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ვინ და რატომ შეარჩია მარკ ცუკერბერგმა?

ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Meta-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. როგორც საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა დაწერა, Meta-ს პრეზიდენტისა და ვიცე ხელმძღვანელის პოსტს დინა პაუელ მაკკორნიკი დაიკავებს.

საუბარია ფინანსურ და ეროვნული უსაფრთხოების სექტორებში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილების მქონე ეკონომისტზე, რომელიც 2017-2018 წლებში, მმართველობის პირველი ვადის დროს პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი იყო.

როგორც ცუკერბერგი განმარტავს, მაკკორნიკმა კომპანიის პრეზიდენტად დანიშვნა აღმასრულებელ საბჭოში ყოფნის პერიოდში მიღწეული წარმატებების გამო დაიმსახურა. საუბარია Meta-ს AI მიმართულების განვითარებაში შეტანილ წვლილზე. ტექ-გიგანტის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ დინას გამოცდილება გლობალურ ფინანსურ საკითხებში, ასევე ის ურთიერთობა, რაც მას კომპანიის პარტნიორებთან აქვს, პრეზიდენტობისა და ვიცე ხელმძღვანელობისთვის საუკეთესო კანდიდატად აქცევს. ცუკერბერგი მოელის, რომ ახალი ლიდერი Meta-ს მონაცემთა ცენტრებისა და ენერგეტიკული სისტემის განვითარებაში მომდევნო ათწლეულში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. დინა მაკკორნი კომპანიის სტრატეგიულ განვითარებასა და დასახული მიზნების აღსრულებაზე იმუშავებს. ამასთან, უზრუნველყოფს მეტი მსხვილი ინვესტიციის მოზიდვას.

Meta-ს ახალი პრეზიდენტი 16 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ამერიკულ საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-სთან პარტნიორობდა და ჩაბარებული ჰქონდა გლობალურ სუვერენულ საინვესტიციო ფონდებთან ურთიერთობა. მის სახელს უკავშირდება ისეთი ინიციატივები, როგორებიცაა 10,000 სამუშაო ადგილის შექმნა ქალებისთვის, 10,000 მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და მილიონი შავკანიანი ქალისთვის უკეთესი ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფა. გარდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობისა, მაკკორნიკი იკავებდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის როლს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდშიც. რაც ადასტურებს, რომ მას როგორც კერძო, ისე საჯარო სტრუქტურებში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.