დონალდ ტრამპმა ვენესუელის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა

ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელის ტერიტორიის შიგნით დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიესი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ტრამპმა ვენესუელის დაბომბვის ბრძანება ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გასცა. „სიბიესის“ თანახმად, ოპერაციის დაწყება უფრო ადრე იყო დაგეგმილი, თუმცა ცუდი ამინდის პირობების გამო გადაიდო.

პარალელურად, ვენესუელის სახელმწიფო ტელეკომპანია „ტელესური“ ვენესუელის მთავრობის განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, ვენესუელა გმობს შეერთებული შტატების აგრესიას ვენესუელის ტერიტორიისა და მოსახლეობის წინააღმდეგ კარაკასის სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე.

ვენესუელის მთავრობამ აშშ დაადანაშაულა სტრატეგიული რესურსების, განსაკუთრებით ნავთობისა და მინერალების მითვისების მცდელობაში.

ცნობისთვის, კარაკასში აფეთქებების ხმა ისმის, ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავი გამოჩნდა.