ჩინეთმა ევროკავშირში წარმოებულ რძის ნაწარმზე ტარიფები დააწესა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 53
ჩინეთმა ევროკავშირში წარმოებულ რძის ნაწარმზე ახალი ტარიფები დააწესა. არსებული ინფორმაციით, იმპორტის გადასახადის მოცულობა პროდუქტების მიხედვით განსხვავდება და 21.9%-იდან 42.7%-მდე მერყეობს.
როგორც ირკვევა, ტარიფები შეეხო ევროპულ რძეს, ყველს და სხვა არაერთ ნაწარმს. Reuters-ის ინფორმაციით, ამ ნაბიჯით ჩინეთის ხელისუფლებამ უპასუხა ევროკავშირის მიერ ელექტრომობილებზე დაწესებულ ტარიფებს.
გავრცელებულ ინფორმაციით, ტარიფები გამოცხადებისთანავე ამოქმედდა და ეხება $589 მილიონის საიმპორტო პროდუქტებს. სოფლის მეურნეობის სექტორის ექსპერტების შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მეტად ფრანგულ წარმოებას დაარტყამს, თავად ჩინეთისთვის კი ეს ნაბიჯი პრობლემას ვერ შექმნის, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში რძის პროდუქტების მარაგების მოცულობამ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას მკვეთრად გადააჭარბა. ტარიფების დაწესების ერთ-ერთ მიზეზად ოფიციალურმა პეკინმა ისიც დაასახელა, რომ ევროკავშირი ჩინეთის ბაზარზე გასაგზავნ რძის ნაწარმს ასუბსიდირებს, რითაც არასამართლიან გარემოს ქმნის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის და კონკურენციას ამცირებს.
აღსანიშნავია, ჩინეთის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან მიმდინარე სავაჭრო დაპირისპირების კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა. ვიდრე ევროგაერთიანება ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფებს შემოიღებდა, ჩინეთმა იმპორტის დამატებითი გადასახადი ევროპულ ხორცის ნაწარმსა და ალკოჰოლურ სასმელს, კერძოდ, ბრენდისაც დაუწესა. არსებული უთანხმოების მოსაგვარებლად და საკითხის მშვიდობიანად გადასაწყვეტად ჩინეთს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ეწვია, თუმცა მან კონკრეტული შედეგის მიღწევა ვერ შეძლო. Reuters-ის ინფორმაციით, ოფიციალური პეკინის ახალი გადაწყვეტილება უარყოფითად 60-ზე მეტ ევროპულ კომპანიაზე აისახება.
No article in the selected categories
