პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1976 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს.

პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი რევოლვერი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ გ.ლ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლს მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საბაჟო-გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ გავლით, თავის მართვაში არსებულ ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოიტანა 665.71 გრამი საიუველირო ნაკეთობები, საერთო ღირებულებით 150,271.71 ლარი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია აღნიშნული საიუველირო ნაკეთობები, ასევე ბრალდებულის მართვაში არსებული ავტომანქანა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით“