სუსი: პატრიარქის დაკრძალვის დღეს, არასრულწლოვანი რეკავდა, რომ სამება დანაღმული იყო
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 89
6 წლამდე პატიმრობა ემუქრება არასრულწლოვანს, რომელმაც სუს-ის მტკიცებით დაცვის პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ "დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია". სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა.
სუს-ის განცხადებით, ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. თუ უახლოეს 20 წუთში არ მოხდებოდა ევაკუაცია, განხორციელდებოდა აფეთქება.
გამოძიების ცნობით, ზარების ინიციატორმა კვალის დაფარვისა და მისი იდენტიფიცირების გართულების მიზნით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით შეცვალა თავისი ხმა, გამოიყენა უცხო ქვეყნის ვირტუალური სატელეფონო ნომერი და დაფარა IP მისამართი.
"კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გუშინ საღამოსვე შევძელით დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანი პირის იდენტიფიცირება და მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამოღებულია რამდენიმე ერთეული მობილური ტელეფონი, ლეპტოპები და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.
არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
არასრულწლოვანს ბრალდება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის კონტრტერორისტულ ცენტრს გააჩნია ყველა პირობა, მათ შორის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და იდენტიფიცირებისთვის. ამიტომ, ვაფრთხილებთ ყველას, თითოეულ მსგავს ფაქტზე ჩვენი მხრიდან იქნება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება.
No article in the selected categories
