ბესარიონ ჟვანიას ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბესარიონ ჟვანია საქართველოში არ იმყოფება.

უფლებადამცველის განცხადებით, ბესარიონ ჟვანიამ არ იცის, რომ მის წინააღმდეგ სამართალწარმოება მიმდინარეობს. ადვოკატი ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. მისი თქმით, საქმეში ბრალდებულის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

პროკურორმა სასამართლო პროცესზე ბესარიონ ჟვანიას მხრიდან ახალი დანაშაულისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეზე ისაუბრა.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდნენ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებული გურამ და დავით კაკულიები.

„კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის მედიის მიერ გამოგონილი, რაც დაიჯერეს კვარაცხელიებმა. დარწმუნებული ვარ, კვარაცხელიები გაიგებენ ამას და გაიტანენ საქმეს. წარმოუდგენელია, შეკერილ საქმეზე ამდენი უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს“, – განაცხადა დავით კაკულიამ.

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა, ე.წ. კანონიერ ქურდზე, გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში თავიანთი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ამ უკანასკნელის შვილის, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, მკვლელობა განიზრახეს. გამოძიების ცნობით, გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა თავიანთ მეგობარს, ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ, მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება.

პროკურატურის ინფორმაციით, ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი თავის ნაცნობებს, ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ, ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც დათანხმდნენ. ისინი თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. გამოძიების ცნობით, შემთხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას, შემდეგ ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების შედეგად იმავე დღეს გარდაიცვალა.

პროკურატურამ გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 8 აპრილს ჩაინიშნა.