ლილუაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ლილუაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელა და მისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

„ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაგრძელებულიყო წინასასამართლო სხდომის ვადა. პროცესის მიხედვით, საკითხი მოითხოვს შემდგომ უკვე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას. ვინაიდან ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილს შეფარდებული აქვს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, სასამართლომ იმსჯელა მის პროპორციულობაზე, რელევანტურობაზე, ბრალდების მხარემ წარუდგინა პოზიცია, რომ საფრთხეები, რაც არსებობდა და კვლავ ძალაშია. დაცვის მხარემაც მისი პოზიცია დააფიქსირა სასამართლოს წინაშე. დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პატიმრობა ძალაში დაეტოვებინა“,- განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბერძენიშვილის განცხადებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„რა თქმა უნდა, არსებობს საქმეში პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, თუმცა ამ ეტაპისთვის, ვინაიდან ჩვენ ჯერ გამოძიება დასრულებული არ გვაქვს, იმისთვის, რომ გამოძიებას საფრთხე არ შეექმნას და სრულყოფილი შედეგი მივიღოთ ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ვერ მოგახსენებთ იმ მოწმეების შესახებ, რომლებიც საქმეზე არიან გამოკითხულები და თავისთავად ვერც შინაარსზე ვერ ვისაუბრებ“,-განაცხადა პროკურორმა.

სუს-ის ყოფილი უფროსი გასული წლის დეკემბერში დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. ლილუაშვილის ბრალი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს.