სასამართლომ ჭიათურაში დაკავებულ მაღაროელებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 53
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელიდან ორს 6 წლითა და 3 თვით, ორს კი 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას „მაღაროელი“ ავრცელებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბ სარალიძე და გიორგი ნეფარიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში. მათ სასჯელის სახით 6 წელი და 3 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
რაც შეეხება არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს, მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და თითოეულს 4 წელი და 3 თვე პატიმრობა მიუსაჯა.
ჭიათურის პროტესტის მონაწილეები სამართალდამცველებმა 2025 წლის 29 აპრილს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში შუქრუთის მაღაროს დირექტორს 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს.
გამოძიების ვერსიით, მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ბრალად ედებოდათ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილი), ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (225-ე მუხლის მეორე ნაწილი).
რამდენიმე წუთის წინ, ფაქტს გენერალური პროკურატურაც გამოეხმაურა და დაწერა, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაღაროებში წარმოებული საქმიანობის გამო, 2025 წლის 28 აპრილს ორმა ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია ერთ-ერთი მაღაროს დირექტორზე ჯგუფურ თავდასხმას, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში ავტომანქანით გადაადგილებისას, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, სხვა პირებთან ერთად ავტომანქანებით გზა გადაუკეტეს. ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ დაზარალებულს და განახორციელეს მასზე ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ყვრიმალის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა და სხვადასხვა დაზიანებები. თავდასხმისას ასევე დაზიანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა", - წერს პროკურატურა.
No article in the selected categories
