რა სასჯელი ემუქრება ბაჩო ახალაიას - პროკურატურის განცხადება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 62
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, ახალაიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ, ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს. კერძოდ, მათი მხრიდან ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებების გაკეთების და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის პროცესს.
პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ბაჩანა ახალაიას უშუალო ხელმძღვანელობით და ორგანიზებით, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს. ბრალდებულები საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათივე განცხადებებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას, რისთვისაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმის და გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია. იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები.
ბაჩანა ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა დაკავებული ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
No article in the selected categories
